ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 198 ადამიანი დაჯარიმდა

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 198 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პოლიციამ 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 91 მოქალაქე დააჯარიმეს. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 17 პირი.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.