ბოლო ცვლილებები ძალაუფლების გამყარების ხაზს მიჰყვება, რასაც როტაციის პრინციპს არქმევენ - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენენ.

სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში საქართველოს დემოკრატიის გამოწვევებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო შტოებს შორის მოიშალა ბალანსი, გამყოფი ხაზი აღარაა პარტიასა და ხელისუფლებას შორის, პარლამენტი კი ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. გამოსვლაში პრეზიდენტი შეეხო ირაკლი კობახიძის პრემიერობის კანდიდატად წარდგენას და ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევას.

„მკვეთრად მოიშალა სახელმწიფო შტოებს შორის ის აუცილებელი ბალანსი, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა.

ასევე, პარლამენტი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის მაგივრად, მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა. ერთპარტიული სისტემა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის შემდგომ, მიუხედავად 2012-2013 წლებში ხანმოკლე კოალიციური მმართველობის მცდელობისა, დაუბრუნდა ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს. ბოლო ცვლილებებიც ამ ხაზს მიჰყვებიან – ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებას და გამყარებას, რასაც პარტიის შიდადემოკრატიას, თუ როტაციის პრინციპს არქმევენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, გასულ წელს ვიხილეთ ხელისუფლების ძალაუფლების გაძლიერების მცდელობა, რომელიც აისახა რუსული კანონის მიღების მცდელობაში, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებასა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობაში, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მდგომარეობაც გამოავლინა.

„2023 წელს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, რომელიც აისახა რუსული კანონის ინიციირებაში. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და მისი განიარაღების მცდელობა. დამარცხდა თუ არა ეს კანონი, მას მოჰყვა კანონი – „ეროვნული ბანკის შესახებ“, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და ბოლოს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა.

ამ უკანასკნელმა გამოაჩინა არა მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც. ეს ყოველივე კი, მაშინ ხდება, როცა ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის მიზანი დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ისაუბრა ელიტარულ კორუფციასა და სასამართლოში „კლანის“ არსებობაზეც.

„ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ. ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით… აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ.

დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ძალაუფლება კი, ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას. სასამართლო „კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა: მურუსიძე და ჩინჩალაძე იმავე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას. ამ სისტემისათვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი. სისტემას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება… „ვინც ჩემს ძალაუფლებაში მეცილება, ესე იგი, ქვეყანას ებრძვის“. კომპრომატები დისკრედიტაციისა და განადგურების იარაღია, მოსყიდვა კი – რბილი ალტერნატივა!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.