ბოლო ინფორმაციით, დაზარალებული არავინ არ არის - დმანისის მერი

პუბლიკა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი „კურიერის“ ეთერში აცხადებს, რომ უდანაშაულო ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად არ უნდა უსწორდებოდნენ. მისივე თქმით, მუშაობენ იმისთვის, რომ დმანისში ვითარება დალაგდეს.

 „მოლოდინი მაქვს, რომ ეს სიტუაცია დალაგდება. უდანაშაულო ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად არ უნდა უსწორდებოდნენ. ვიღაცის სპეკულაციის გამო. მედიითაც გავრცელდა, თითქოს ეს ეთნიკურ ჭრილში იყო. სპეკულაცია ხდება და უნდათ, რომ აქედან რაღაცა შექმნან. ეს არ გამოვა და ეს ყველას ესმის. ვმუშაობთ, რომ საკითხი დალაგდეს და პასუხისგებაში მიეცნენ ის ადამიანები, ვინც დამნაშავეები არიან. დანაშაულს დანაშაულით არ უნდა უპასუხოს არავინ. ეს ყველას უნდა ესმოდეს“, – განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ინფორმაციით, დაზარალებული არავინ არ არის. როგორც მერი აცხადებს, ახალგაზრდები უფროსებთან ერთად უნდა დასხდნენ და დაილაპარაკონ. 

„ბოლო ინფორმაციით, დაზარალებული არავინაა. პირადად ვარ ჩართული. მე ახლა ეპიცენტრში ვარ. ახალგაზრდები უნდა დასხდნენ უფროსებთან. დავსხდეთ ერთად და ვისაუბროთ. ყველა რესურსით ვეცდები, ამ ადამიანებს დაველაპარაკო და ეს ურთიერთობები დალაგდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის დარეგულირებას. ვისაც საუბარი და მოსმენა შეუძლია, ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტოს. ყველა ადამიანი, ვისაც შევხვდი გუშინ, სახლში ზის და გამოძიებას ელოდება“, – აღნიშნა გიორგი ტატუაშვილმა „კურიერის“ ეთერში.

ქალაქ დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის გუშინ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი  და ისინი ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ ეტაპზე ფიზიკური დაპირისპირება განმუხტულია, თუმცა მოქალაქეები ადგილზე რჩებიან.

გუშინ ადგილობრივ ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ტელევიზიებთან ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება გახდა. რამდენიმე ეთნიკურად ქართველი მაღაზიაში შევიდა და მოითხოვა ლუდი, საფასურის გადახდის გარეშე, რაზეც უარი მიიღეს. ცოტა ხნის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად, სადაც მათ, ასევე, დახვდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება.

რამდენიმე წუთის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება და დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.