ბოლო კვირაში დადასტურებული 63 შემთხვევიდან 7-ის წყარო ამ ეტაპისთვის დაუდგენელია – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდგომ მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ ისაუბრა.

ბოლო ერთი კვირის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი, რაც, გამყრელიძის შეფასებით, დამაფიქრებელი მონაცემებია, ვინაიდან ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულების რაოდენობა სჭარბობდა ინფიცირებულების რაოდენობას, თუმცა ბოლო ერთი კვირის მონაცემებმა საპირისპირო ტენდენცია აჩვენა.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოხდა რევერსი და გვაქვს პირიქით, ანუ ახალინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რაც ასევე ინდიკატორია, ასევე ყურადღებამისაქცევია და შესაბამისი ზომებია გასატარებელი.

ამ 63 შემთხვევიდან 7 შემთხვევა გახლავთ დაუდგენელი წყარო ამ ეტაპისთვის. რაც შეეხება ბოლო შემთხვევათა რაოდენობას, უმეტესი, 24 ინფიცირებული, მოდის გარდაბნის მუნიციპლაიტეტზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, გარდაბანში დაფიქსირებული შემთხვევები ინფიცირების საერთო რაოდენობის 2%-ს შეადგენს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკვე გამოკვლეულია 1077 ადამიანი, მათგან 24-ს დაუდასტურდა ვირუსი. 96 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი. დღეს დილიდან მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება დაიწყო, მუშობს ექიმების 6 ჯგუფი.