ბოლო კვირის თავდასხმები მიუთითებს, რომ ჰომოფობიური ძალადობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - ორგანიზაციები

პუბლიკა

6 საზოგადოებრივი ორგანიზაცია ბოლო დღეებში ჰომოფობიური ძალადობის გაძლიერების ტენდენციას ეხმაურება და სახელმწიფოს ამ მიმართულებით პოლიტიკის არსებითი ცვლილებისკენ მოვუწოდებს.

განცხადებაში 20 და 24 აპრილს მომხდარ თავდასხმებზეა ყურადღება გამახვილებული. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ეს ორი შემთხვევა მიუთითებს, რომ ჰომოფობიური ძალადობა და მასთან ბრძოლა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ გატარდა მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მონიტორინგისა და პოლიტიკის კოორდინირების მიზნით, სახელმწიფოს რეაგირება ამგვარი ძალადობის და მიუღებლობის პრაქტიკების მიმართ კვლავ ფრაგმენტული და სუსტად კოორდინირებული ჩანს“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია პოლიციისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. განცხადება ასევე აღნიშნულია, რომ სუსტია ამგვარი ძალადობის მსხვერპლების მხარდაჭერის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს თითქმის არ აქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის ბრალდებული პირების რესოციალიზაციისა და ტრანსფორმაციის ქმედითი პოლიტიკა და რომ ლგბტი ადამიანების ნდობა პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ კვლავ დაბალია, რაც გარდა იმისა, რომ მიმდინარე რეფორმებს რეალური სოციალური გავლენის არ არსებობის პრობლემას აჩვენებს, ის ლგბტი ადამიანების ყოფის სიმძიმეს და ძალადობის მიმართ დაუცველობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„უფლებადაცვით ორგანიზაციებს არაერთხელ გაგვიჟღერებია ინტერ-უწყებრივი და ყოვლისმომცველი პრევენციული პოლიტიკის აუცილებლობა, რომელიც სამართალდამცავი, სასჯელაღსრულების, განათლების, სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებებს თანადროულად მოიცავს და რელევანტურ უწყებებს შორის ქმედითი კოორდინაციის პირობებს შექმნის. ამგვარი ყოვლისმომცველი პრევენციული სამუშაოების გარეშე ცხადია, რომ ჰომოფობიასა თუ ნებისმიერ სხვა ძალადობრივ კულტურასთან დაპირისპირება ეფექტური შედეგის მომტანი ვერ იქნება“, – აღნიშნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფოს პოლიტიკა ჰომოფობიასა და ტრანსფობიას, ისევე, როგორც გენდერულ უთანასწორობას, დღემდე არ იაზრებს სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემად, რის გამოც ჰომოფობიის წარმოჩენა ხდება მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხად, და შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დასახულ მთავარ სტრატეგიად კვლავ მის ინდივიდუალურ გამოვლინებებზე შერჩევითი სადამსჯელო პასუხი რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში მთავარობამ ამოცანად დაისახა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის დაუშვებლობის, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გეგმით გათვალისწინებული საქმიანობები ამ დრომდე არ შესრულებულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ უმნიშვნელოვანესია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შემცირებაზე მიმართული პროაქტიული ინიციატივები, ფართო საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რომელიც სხვა ეფექტურ ნაბიჯებთან ერთად გრძელვადიანი შედეგის მომტანი იქნება და ადამიანებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს მისცემს.   

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლის განმავლობაში მესამე პირთა მხრიდან ჰომოფობიური ძალადობისა და თავდასხმის ტენდენციამ იკლო, ის არ ასახავს ლგბტქ ადამიანთა ყოველდღიურ რეალობას. მესამე პირთა მხრიდან თავდასხმის ტენდენციის კლება უნდა დავაკავშიროთ მეტწილად 2020 წლის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან და ამ კრიზისის მართვისთვის მთავრობის მიერ შემოღებულ შეზღუდვებთან, რომელმაც ადამიანთა სოციალური და ფიზიკური კავშირები შეასუსტა, თუმცა ამით ძალადობისა და აგრესიის რისკები არ შემცირებულა“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ რელევანტურ უწყებებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას

  • ორივე საქმესთან დაკავშირებით, წარმართოს დროული და ეფექტიანი გამოძიება, და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს რელევანტური მტკიცებულებების მოგროვებას სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირებისთვის, ასეთის არსებობის შეთხვევაში;
  • დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლებს და მისცეს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა

საქართველოს მთავრობას

  • შეიმუშავოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირების პოლიტიკა, რომელიც ამ პროცესში თანადროულად დაინახავს სამართალდამცავი, სოციალური, პენიტენციალური და განათლების პოლიტიკის მიმართულებებს და რელევანტური უწყებების ქმედით და რეალურ კოორდინაციას დაეფუძნება;
  • უზრუნველყოს საზოგადოებაში არსებული ძალადობრივი და უთანასწორობის შემქმნელი წინასწარგანწყობების და კულტურის ცვლილებაზე მიმართული გრძელვადიანი საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკის გატარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
  • ხელი შეუწყოს მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მოქნილი ფსიქო-სოციალური, ჯანდაცვისა და იურიდიული სერვისების განვითარებას, რომელიც მსხვერპლის ინდივიდუალურ საჭიროებებს გაითვალისწინებს და ადამიანის უფლებების მიდგომებზე იქნება დაფუძნებული.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
  • თანასწორობის მოძრაობა
  • იდენტობა იუს
  • თბილისი პრაიდი
  • ქვიარ ასოციაცია „თემიდა“