Ipsos/CeSID-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, პარტია „სტუდენტურმა სიამ“ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 52.9% მიიღო, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 38.8% აქვს.
ამ მონაცემების მიხედვით, 250-ადგილიან პარლამენტში „სტუდენტური სია“ 141 ადგილს დაიკავებს, ვუჩიჩის პარტია კი, 103-ს. დარჩენილ ექვსი ადგილი დანარჩენ ოთხ პარტიაზე გადანაწილდება.
ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება გუშინვე ოფიციალურად აღიარა. მან თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სია“ „უცხო ძალების დავალებებს ასრულებს“.
„რაც მაწუხებს, არის ის, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დროს არ მომიტყუებიხართ. მარტამდე ან აპრილამდე ისინი რუსეთის ფედერაციას სანქციებს დაუწესებენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რის თქმაც არ უნდათ თქვენთვის, ყველაფერს, რადგან ვიმეორებ, ისინი მხოლოდ სხვების საქმის შემსრულებლები არიან“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
საარჩევნო სიაში სულ 18 სუბიექტი იყო.
19:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 67.60% შეადგინა, რაც წინა რამდენიმე არჩევნებში დაფიქსირებულ აქტივობებს მნიშვნელოვნად აღემატება.
ალექსანდარ ვუჩიჩი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე მოულოდნელად გადადგა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. შემდეგ კი მმართველი – სერბეთის პროგრესული პარტიის პირველი ნომრის სტატუსით საარჩევნო კამპანია წამოიწყო.
მმართველ პარტიას „სტუდენტური სია“ – ახალი პოლიტიკური ძალა დაუპირიპირდა, რომლის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ილია სრდანოვიჩია. მის გარდა, სიაში არიან სხვა ცნობილი ფიგურები: ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი – დეიან შოშკიჩი, სერბეთში ცნობილი სპორტმენი – დეიან ბოდიროგა, სამოქალაქო აქტივისტი – კატარინა შჩეპანოვიჩი და სხვები.
„სტუდენტური სია“ არც პარტიაა და არც სტანდარტული კოალიცია. ის მასშტაბური ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების ფონზე შეიქმნა, რომელიც 2024 წლის ნოემბერში, ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. ორი წლის წინ, ტრაგედიამ, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა სერბეთში პროტესტის ახალ ტალღას დაუდო სათავე.
სტუდენტების მოთხოვნები თავდაპირველად კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულებას ეხებოდა, თუმცა ამ ორი წლის განმავლობაში სტუდენტური პროტესტი ფართო პოლიტიკურ მოძრაობად იქცა.
2026 წლის სექტემბრისთვის სტუდენტურმა მოძრაობამ მოახერხა უპრეცედენტო რაოდენობის მხარდამჭერების მობილიზება და ოფიციალურად დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. მოძრაობის ელექტორალურ ზრდასთან ერთად, ტრადიციული ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საკუთარი სიის დაყენებაზე უარი თქვა და მხარდაჭერა „სტუდენტურ სიას“ გამოუცხადა.
როგორც სერბი ანალიტიკოსები ამბობენ, სერბეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს. წინასაარჩევნო კვლევები ორ მთავარ ძალას შორის მხოლოდ მცირე სხვაობას აჩვენებდა, წინასაარჩევნო კამპანიას კი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მზარდი პოლარიზაციით აფასებენ.