ბოლო ორ წელში დასაქმებულების სასარგებლოდ 6 მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურდა | პროფკავშირი

პუბლიკა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშ ნათქვამია, რომ დღეს საქართველოში ეს ინსტიტუტი დისკრედიტირებულია რიგი მიზეზების, მათ შორის, სტერეოტიპული ცოდნისა და დამსაქმებლების მიერ წარმოებული მიზანმიმართული პროპაგანდის, გამო.

„შესაბამისად, ხშირად ჩნდება განცდა, რომ დღეს საქართველოში პროფკავშირი არაფერს აკეთებს, გარდა ხელფასების აღებისა. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ პროფკავშირების გაერთიანების მიერ წარმოებული საქმიანობის მცირე ჩამონათვალს,”- ამბობენ პროფკავშირებში.

მათ მიერ ჩამოთვლილი საქმინობის მიხედვით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება:

  • ყოველდღიურ რეჟიმში, ახალგაზრდული და იურიდიული დეპარტამენტი, ათობით ადამიანს, სრულიად უფასოდ, უწევს კონსულტაციას;

  • ყოველწლიურად უფასო იურიდიული მომსახურებით სარგებლობს 17 000-ზე მეტი მოქალაქე. (წევრი თუ არაწევრი)

  • მხოლოდ ბოლო ორ წელში სასამართლოში მოგებული საქმეების შედეგად, დამსაქმებლების მხრიდან, დასაქმებულების სასარგებლოდ უკვე ანაზღაურდა 6 000 000 ლარზე მეტი და სამსახურში აღდგა ასობით უკანონოდ განთავისუფლებული პირი. (ყოველწლიურად 100-მდე ახალ საქმეს ვიღებთ). ამ დრომდე, სასამართლოს წარმოებაშია მიღებული, 25 000 000 ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა ქეისი;

„ასე მაგალითად:
– რუსთავის აზოტის 56 გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღდგა – კომპენსაცია 2 მილიონი ლარი.

– 3 მოგებული შრომითი დავა „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ. დასაქმებულებმა ჯამში 90 000 ლარზე მეტი კომპენსაცია მიიღეს.

– აჭარაბეთის წინააღმდეგ მოგებული დავა. კომპანიას დასაქმებულისთვის, კომპენსაციის სახით, 30 000 ლარის გადახდა დაევალა.

– ფარმაცევტული კომპანია ,,ნატალის“ წინააღმდეგ მოგებული სასამართლო დავა, სადაც დამსაქმებელს სასამართლომ ზეგანაკვეთური მუშაობის ორმაგად ანაზღაურება დააკისრა.

– სამშენებლო კომპანია ,,დელუქს დეველოპმენტის“ მიერ, დეკრეტული შვებულების დამთავრებიდან მეორე დღეს, გათავისუფლებული თანამშრომლის სასამართლო დავის მოგება. კომპანიას კომპენსაციის სახით, 18 000 ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრა.

– ევექსი ჰოსპიტლები – (იგივე იაშვილის საავადმყოფოს) წინააღმდეგ მოგებული სასამართლო დავა. სასამართლომ კომპანიას, გათავისუფლებული ექიმისთვის, სოლიდური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

– გამოსაცდელ ვადაში გათავისუფლებული თანამშრომლის მოგებული სასამართლო დავა. შ.პ.ს. ,,მოპედ დეპოს” კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, რაც დაახლოებით 30 000 ლარს შეადგენს.

– სასამართლოს გადაწყვეტილებებით, საქრთველოს ფოსტას დაკისრებული და გადახდილი აქვს სამუშაოდან არაკანონიერად განთავისუფლებული მუშაკებისთვის იძულებითი განაცდურის სახით ჯამში 2 000 000 ლარზე მეტი თანხა.

– „საქართველოს რკინიგზასთან“ მოგებული 4 წლიანი სასამართლო დავა. საქართველოს რკინიგზამ, დასაქმებული სამსახურიდან გაუშვა აზრისა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვის გამო. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, კომპანიას 24 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

– საწარმოო შემთხვევისას გარდაცვლილის ოჯახმა, სასამართლოს გზით, 60 ათასი ლარი მიიღო!

– პროფკავშირებმა მუნიციპალური ავტობუსის მძღოლის სასარგებლოდ დავა მოიგო. უკანონოდ გათავისუფლებულ მძღოლს სამსახურში აღადგენენ.

ეს ჩამონათვალი ძალიან ვრცელია, რადგან ყოველწლიურად 1000-მდე სასამართლო საქმეში ვღებულობთ მონაწილეობას და 98%-ს დასაქმებულთა სასარგებლო გადაწყვეტილებით ვასრულებთ, “- ნათქვამია პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებას სოციალურ ქსელში პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა Youth GTUC  ავრცელებს.