ცხოვრება საწარმოო ტრავმის შემდეგ | კულინარის ამბავი

ბასტი მგალობლიშვილი

29 იანვრის დილით სამსახურში მისული ნინო (რესპონდენტის თხოვნით სახელი შეცვლილია) ვერც კი იფიქრებდა, რომ ის დღე მომდევნო კვირებისა და თვეების სიმძიმეს განსაზღვრავდა. უსამსახუროდ დარჩენილი 51 წლის კულინარი დღეს მოკვეთილი თითით აგრძელებს ბრძოლას საკუთარი შრომითი უფლებებისთვის.

„ამ ხელს რომ ვუყურებ, ფსიქოლოგიურად  ძალიან ძნელია, ძალიან. მით უმეტეს სამსახური როცა აღარ გაქვს და სახლში ხარ. სამსახური რომ მქონოდა, უფრო ადვილად გადავიტანდი“, – ამბობს ნინო.

ქუთაისის „გურმანის“ ყოფილ თანამშრომელს ხელი ხორცსაკეპ მანქანაში ჩაჰყვა. როგორც თავად იხსენებს სამსახურში სასწრაფოს გამოძახებაზე მეტად ურჩიეს, ოჯახის წევრისთვის დაერეკა და შემდეგ მიემართა კლინიკისთვის. საბოლოოდ, საჭირო გახდა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ამპუტაცია, მეორე თითზე კი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ საქმეს პროკურატურაც იძიებს, თუმცა ნინოსთვის დაზარალებულის სტატუსი უკვე თვეებია არ მიუნიჭებიათ.

„საერთოდ არ ვიცოდი… მანქანაში გატარებაზე ყოველთვის სხვა პიროვნება იყო. მე გატარებულ მასას ვამუშავებდი და ფორმას ვაძლევდი, მაგრამ მოხდა რაღაც გაუგებრობა – გატარებაზე ვინც იდგა, ის არ იყო ადგილზე და მაიძულეს მე – ან მე უნდა მექნა, ან არავინ იყო გამკეთებელი. ამიტომ იძულებული გავხდი მანქანასთან მე მემუშავა“, – გვიყვება ნინო.

მკურნალობის ხარჯები, რაც დაზღვევამ ვერ დაფარა, თავად აანაზღაურა და როგორც ამბობს, კომპანია ამაში არ დახმარებია. ნინო გვიყვება, რომ „გურმანის“ წარმომადგენლები ოპერაციის დროს კლინიკაში მივიდნენ, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდში დამსაქმებლის გულისხმიერება მხოლოდ ხშირი სატელეფონო მოკითხვითა და გამხნევებით შემოიფარგლებოდა.

„ტაქსის გამოატანეს „გურმანის“ პატარა ტორტი და ასე მომილოცეს 8 მარტი“, – იხსენებს ნინო.

რეაბილიტაციის მტკივნეული პროცესი 40 დღეს გაგრძელდა. სწორედ ამ პერიოდში ნინომ თანამშრომლისგან შემთხვევით შეიტყო, რომ ხორცსაკეპ მანქანაზე დამცავი მექანიზმი დაუმაგრებიათ. იგი იხსენებს თანამშრომლის საყვედურნარევ ჩივილს – შენ რომ ეს დაგემართა, დამცავიც ამიტომ დააყენეს და სწრაფად ვეღარ ვმუშაობო.

„არასდროს მინახავს, რომ იმ აპარატს დამცავი ჰქონოდა. მისი არსებობის შესახებაც კი არ ვიცოდი. მე რომ ხელი ვიტკინე, სხვა თანამშრომელს შეშინებია მანქანასთან მისვლის. შემდეგ უფროსებმა მექანიკოსი გამოიძახეს, რომელმაც ეს დამცავი ჭანჭიკებით მიამაგრა“, – ამბობს ის.

ნინო სამსახურს 12 მარტს დაუბრუნდა და ერთ კვირაში მისი დატოვებაც მოუწია. ამბობს, რომ არ ელოდა, მხარდაჭერის ნაცვლად მტრულ გარემოს თუ დაახვედრებდნენ.

„როცა სამსახურში დავბრუნდი, მივხვდი, რომ იქ საჭირო აღარ ვიყავი“.

დაბრუნებულს უთხრეს, რომ 3 სამუშაო დღის დათმობა მოუწევდა. ეს რომ ნინომ გააპროტესტა, იხსენებს, როგორი აგრესიით უპასუხეს – „შენ ამას არავინ გეკითხებაო“. იმასაც იხსენებს, დამამცირებლად როგორ უჩიჩინებდნენ, „რა დაგრჩენია ამ კუპატებშიო“.

„შეურაცხყოფა მომაყენეს. შემიქმნეს მტრული გარემო და გამომაქციეს“.

სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მალევე მიმართა საქართველოს პროფკავშირის იმერეთის ოფისის წარმომადგენელს, ირაკლი მხეიძეს, რომელიც ამჟამად სამართლებრივ დახმარებას უწევს.

„კომპანიამ, რა თქმა უნდა, არ შეასრულა არავითარი ვალდებულება, რაც მას კომპენსაციის თვალსაზრისით ეკისრებოდა. სამსახურში დაბრუნების შემდეგ ეს ადამიანი ცდილობდა, რომ მოლაპარაკების გზით კომპენსაცია მიეღო, თუმცა ვერაფერს გახდა. კომპანიამ  მას კომპენსაციის ნიშნად თავისი წარმოებული 20-ლარიანი ნამცხვარი გაუგზავნა. არც მკურნალობის ხარჯი დაუფარავს, არც წამლებისა და ოპერაციის. ბუნებრივია, რაღაც პერიოდში დაზარალებული მიხვდა, რომ პროფესიონალი იურისტის დახმარება სჭირდებოდა, რადგან მისი თხოვნა და მოლაპარაკება არ ჭრიდა“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ირაკლი მხეიძე.

ნინოს უფლებადამცველის თქმით, მან ამ საქმეზე ოფიციალურად მიმართა როგორც პროკურატურას, ასევე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს. დაწყებულია გამოძიება, თუმცა საქმის მასალებს ვერ ეცნობა, რადგან ნინოსთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. ირაკლი მხეიძის თქმით, არანაირი სამართლებრივი ბარიერი არ არსებობს საიმისოდ, რომ ნინოს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭონ, ამ პროცესის გაჭიანურება კი კითხვებს ბადებს.

„ვიცი, ასეთი ბევრი ხდება და არავინ ჩივის, რადგან ნელ-ნელა ვრწმუნდები, საერთოდ არ ღირს ამ ქვეყანაში ბრძოლა. რაღაცნაირად მეც უკვე იმედგაცრუებული ვარ… ვცდილობ მაინც, მაგრამ მაინც დათრგუნული ვარ, მარტის შემდეგ რამდენი თვე გავიდა და დაზარალებულის სტატუსიც კი არა მაქვს“, – ამბობს ნინო.

ადვოკატისთვის ასევე უცნობია, რა დარღვევები დაადგინა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, რომელმაც საწარმო უკვე შეამოწმა. ირაკლი მხეიძემ ამ ინფორმაციის მიღების მოთხოვნით უკვე მიმართა უწყებას, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში „პუბლიკასთან“ აცხადებენ, რომ  ობიექტზე არსებული მდგომარეობა შემოწმდა და აღმოჩენილ დარღვევებზე კომპანიას კანონის შესაბამისად გაფრთხილება მიეცა. რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევას – უწყების ინფორმაციით, ამ საქმეზე მოკვლევა გრძელდება.

„გამოძიებამ ექსპერტიზაზე გადააგზავნა  მასალები და დაადგინა ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, მაგრამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ვერ ადგენს, დაირღვა თუ არა შრომის უსაფრთხოების ნორმები. ძალიან ცუდი პრეცედენტია, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რადგან ასე რომ არ ყოფილიყო, ეს ადამიანი თითს ვერ დაიზიანებდა – არ არსებობდა დამცავი და თუ დამცავი არსებობდა და თანამშრომელმა მოხსნა, ამისთვის კომპანიაში შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ადამიანიც უნდა არსებობდეს. ანუ ყველა სცენარით დარღვეულია შრომის უსაფრთხოების ნორმები“, – ამბობს ირაკლი მხეიძე.

ადვოკატის თქმით, გამოძების პასუხისა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ აპირებს, რომ სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.

„რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა სასამართლომდე უნდა გავაგრძელო. ისეთ დროს გამომიშვეს სამსახურიდან, როცა ყველგან უკვე არეულობა და შემცირებებია. ისედაც რაღაცნაირად ვერ მივდიოდი მორალურად, ფსიქოლოგიურად, რაღაცნაირად მერიდება – ხალხი 10 თითით ვერ იწყებს მუშაობას. მე კი 51 წლის ვარ და ჩემს ასაკში ახალი სამსახურის პოვნა, თან ქუთაისში ძალიან ძნელია“, – ამბობს ნინო.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა „გურმანს“, თუმცა კომპანიის იურისტმა სატელეფონო კომენტარზე უარი თქვა. „პუბლიკამ“ მას ვიდეოჩართვის ფორმატშიც შესთავაზა ინტერვიუ, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ამაზეც უარით განაცხადა და თქვა, რომ კომუნიკაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუკი ქუთაისში პირადად შევხვდებოდით – რაც ეპიდვითარებიდან გამომდინარე „პუბლიკის“ რედაქციამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

სტატია მომზადებულია პროექტის – „შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვა და დაზარალებულთა მხარდაჭერა“ – ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) შეხედულებებს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.