ბოლო პერიოდში გახშირებულად გვატყობინებენ მოკლულ თუ დატყვევებულ ფრინველებზე - საბუკო

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო)“ FACEBOOK-გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათ ბოლო პერიოდში გახშირებულად ატყობინებენ სხვადასხვა რეგიონში მოკლული, დაჭრილი თუ დატყვევებული ფრინველების შესახებ.

„ახლა, როდესაც მოსახლეობის ნაწილი იზოლაციას სოფლებსა და ნაკლებად დასახლებულ ადგილებში ამჯობინებს, მეტი თავისუფალი დრო და ნაკლები თავშესაქცევია, ხოლო სახელმწიფოს ყურადღება სხვა პროცედურების მართვისკენაა მიმართული, არალეგალური ნადირობის შემთხვევების გაზრდის რისკი რეალურია.“- წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არალეგალურ ნადირობას გადაშენების პირას მყოფი, წითელი ნუსხის სახეობებიც ეწირებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საბუკო“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს, გაითვალისწინოს არალეგალური ნადირობის გაზრდილი რისკები და მიიღოს შესაბამისი ზომები ეფექტური მონიტორინგისა და კანონის აღსრულების მიზნით.