ბოლო პერიოდში პროექტების დაფინანსებაზე კინოცენტრი პირდაპირ სამინისტროსგან იღებდა მითითებებს - Sakdoc Film

პუბლიკა

დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი კომპანია Sakdoc Film კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის პოსტიდან გათავისუფლებას ეხმაურება.

„მიუხედავად მუდმივი მოლოდინისა, შოკში ვართ, ეგრეთ წოდებული, კულტურის სამინისტროს ამ განცხადებით. ეს არის განცხადება კინოცენტრის, როგორც შემდგარი ინსტიტუტის, და მისი დირექტორის დისკრედიტაციისთვის.

კინოცენტრი ერთ-ერთია იმ მცირე სახელმწიფო სსიპ-ებს შორის, რომელიც წარმატებით მუშაობს და რომელიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს იცავს ობიექტურობას და არის მთელი კინო ინდუსტრიისთვის, მისი ყველა თაობისთვის, მისი ყველა მიმართულებისთვის ძალიან მწირი დაფინანსების პირობებში.

ბოლო პერიოდში კინოცენტრი იღებდა პირდაპირ მითითებებს კულტურის სამინისტროსგან სხვადასხვა პროექტის პირდაპირი წესით დაფინანსების თაობაზე. ეს უფრო ნეპოტისტური და გამოსაძიებელი საქმეა, ვიდრე თითიდან გამოწოვილი, ინდუსტრიაში ჩაუხედავი აუდიტის დასკვნა.

გარდა ამისა, რატომ ხდება კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მინისტრის მოადგილე და არა იგივე კინოცენტრის დირექტორის მოადგილე? ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუციის პირდაპირ დაქვემდებარება პოლიტიზებულ სამინისტროსთან, რომელიც სადამსჯელო დაწესებულება უფროა, ვიდრე შემოქმედების ხელშემწყობი“, – წერია განცხადებაში.