ბოლო პერიოდში ქვეყანაში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

პუბლიკა

„ბოლო პერიოდში ქვეყანაში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა და პროფესიული საქმიანობა საფრთხის შემცველი გახდა ჟურნალისტებისათვის, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის“, – ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

„მმართველი პარტიის წევრთა აგრესიული რიტორიკა და სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ მათ მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და ძალადობაზე არასათანადო რეაგირება – ეს არის არასრული ნუსხა იმ პრობლემებისა, რომლის წინაშეც დღეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დგანან. სწორედ განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების აგრესიული მიდგომის გამოძახილია ჟურნალისტების წინააღმდეგ  გახშირებული ძალადობის ფაქტები“, – წერს ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ხშირად არ ხდება სათანადო რეაგირება, დროში იწელება გამოძიება, არ ანიჭებენ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს, რაც, მათივე თქმით, თავის მხრივ, ახალისებს ძალადობას და კიდევ უფრო ართულებს მედიის წარმომადგენლებისათვის მუშაობას.

ძალადობის ფაქტები მედიის წინააღმდეგ: 

  • 25 თებერვალს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს ვახო სანაიას, რომელიც ამ ფაქტს, მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებით, 9 აპრილს, კიდევ ორ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ღამის სამ საათზე, კომენდანტის საათის დროს, დააზიანეს ტელევიზიის მძღოლის ავტომობილი, რომელზეც მაუწყებლის ლოგო იყო განთავსებული. ჩაამსხვრიეს მანქანის მინები, თუმცა ავტომობილიდან ნივთები არ მოუპარავთ. მეორე შემთხვევაში კი ნაცემია „ფორმულას“ მძღოლი, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები  აღენიშნებოდა.
  • 7 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
  • 4 მაისს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სასულიერო პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა დაუზიანეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს.
  •  5 მაისს  სოფელ უდაბნოში შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენლებსაც.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, 17 მაისს მათ გადამღებ ჯგუფს დმანისში განვითარებული დაპირისპირების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს. დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით.
  • რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს, ვლადიმერ ჩხიტუნიძეს, გაფიცული მუშების აქციის გაშუქებისას, ტელეფონი წაართვეს და ვიდეო გადაღება აუკრძალეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
  • 16 იანვარს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, სამართალდამცველებმა, on.ge-ს ჟურნალისტს, ხატია ღოღობერიძეს, აქციის გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.
  • ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიის ობიექტები გახდნენ. ჟურნალისტებს ძალადობის, მუქარის და ხელშეშლის ფონზე უწევდათ მოვლენების გაშუქება.
  • 2020 წლის 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან აქციის დაშლისას პოლიციის მიერ უხეშად დაირღვა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლებები და სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალეს დემონსტრაცია. აღნიშნული ინციდენტის დროს უხეშად დაირღვა ასევე მედიის წარმომადგენლების უფლებები, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტებმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.
  • „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორის ბუბა ჩივაძის განცხადებით, ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელმა მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

მუქარა და აგრესიული რიტორიკა:

  • 27 მაისს „ფაქტჩეკის“ ჟურნალისტის ნაზი რეხვიაშვილის განცხადებით, ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა ნუგზარ სოლომონიძემ მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა.
  • 6 მარტს „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი, ემა გოგოხია  მესტიაში იმყოფებოდა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევასთან დაკავშირებით სიუჟეტს ამზადებდა.  ჟურნალისტის ინფორმაციით, ტელეფონით დაუკავშირდა მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელიც დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • 9 აპრილს მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ აქცია-მსვლელობა მოაწყო. აღნიშნული ღონისძიების მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით  კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოირჩეოდნენ.
  • ყოფილმა მაღალჩინოსანმა ლევან მამალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავდნენ. ნოდარ მელაძის შეფასებით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მხრიდან შემთხვევით არ ხდება და ის აჩენს განცდას, რომ თავად ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო შურისძიებისთვის ნიადაგის მომზადება ხდება, რათა, შემდეგ, შესაძლო დანაშაული სხვას დააბრალოს.
  • ტელეკომპანია „პირველზე“ გავიდა ფარული ჩანაწერები, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას და მოქმედი მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულს შეეხება. გადაცემის წამყვანის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, გამომძიებელ ჟურნალისტებს საჯაროდ ემუქრებიან:
  • ნეგატიური კამპანიის წახალისებას ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატ თეა წულუკიანის მხრიდან კრიტიკული ტელევიზიის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პირადი მობილური ნომრის კანონსაწინააღმდეგო გასაჯაროება.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და რეგიონალურმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ ნიკა გვარამიაზე ჰომოფობიური სტატუსი გამოაქვეყნა.

წაიკითხეთ განცხადება სრულად: