„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.
მას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სახლთან დახვდნენ. ჯაფარიძე პენიტენციურმა სამსახურმა გაფრთხილებულ დროზე ადრე გამოუშვა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, განაცხადა, რომ საპატიმროს დატოვებას 10:30 საათისკენ ელოდა, თუმცა დაწესებულება 08:00 საათზე დაატოვებინეს.
„რამდენიმე დღის წინ ვიკითხე, რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს, რომ მზად უნდა ვყოფილიყავი, დაახლოებით, 11-ის ნახევრისთვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ დილის 8 საათზე გამომდგეს გარეთ.
არაფერი აუხსნიათ, მითხრეს, რომ უნდა ჩამელაგებინა და გავსულიყავი, მაგრამ ჩასალაგებელი არაფერი მქონდა, მაისურით ვიყავი, გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოაგზავნინეს – სქელი არისო და სტანდარტებში არ ჯდებოდა და მაისურით გამომიშვეს დილის 8 საათზე.
ტაქსი იყო გაჩერებული და მძღოლი დამეხმარა, რომ დამერეკა ნატასთვის [მეუღლე] და მეთქვა, რომ გარეთ ვიყავი. სრული სიცარიელე იყო და დაახლოებით 1 საათი ვერ მოვახერხე ვერავისთან დაკავშირება“, – თქვა ჯაფარიძემ.
ჟურნალისტებმა ზურაბ ჯაფარიძეს სამომავლო გეგმებზე, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე წაყენებულ ახალ ბრალზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ჰკითხეს.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, გარკვეული იდეები აქვს, თუმცა ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან, აქტივისტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას.
ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე მისვლას აპირებს.
„7-თვიანი იზოლაციის შემდეგ, როდესაც მხოლოდ ტელევიზორით გაქვს მიღებული ინფორმაცია, არ მგონია სწორი, რომ დავდგე და მოვყვე, ჩემი აზრით რა არის გასაკეთებელი. რაღაც დრო დამჭირდება, რომ ადამიანებს შევხვდე და დაველაპარაკო, მოვისმინე, რაღაცებში გავერკვე. რამდენიმე დღე დამჭირდება, რომ აზრზე მოვიდე.
მინდა, ყველა მოვიკითხო, ვინც რუსთავშია [ციხეში], ქალთაშიც, ასევე ცალკე გლდანში ვინც არიან. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ 7 თვის განმავლობაში ჩემს ოჯახს გვერდით ედგა.
რაც შეეხება ახალ ბრალს [ე.წ. საბოტაჟის საქმე], ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტა ხანი გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ – ან უნდა გაჩუმდეთ, ან ქვეყნიდან წახვიდეთ. არავინ არაა ამის გამკეთებელი. მერე რას იზამენ, არ ვიცი, არ მგონია, გადაწყვეტილი ჰქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით. ალბათ, გზადაგზა გადაწყვეტენ მაგას. ეს იმიტომ, რომ მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ჩაგვსვან ციხეში. ამოცანაა, რომ იმ გათვლით ვიყოთ, რომ გვაქვს ცოტა დრო და ეს დრო რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ.
დაახლოებით ვართ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთისმაგვარი რაღაცა წარმონაქმნი. ეს აღარ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე რუსეთი და შიგნითაც ეს ეტაპიც, რომ რეჟიმი ჯერ კიდევ მალავდა თავის სახეს, გადავლილია.
ანუ ვიღაცას რამდენიმე წლის წინ ეთერში რომ გეჩვენებინათ, რომ ვიღაცას სახლში უდევს 7 მილიონი დოლარი, რომელიმე მინისტრს ან სხვას, ამაზე იქნებოდა სხვა ამბავი. ახლა ისინი ისე არიან გათავხედებულები, რომ ეს აღარ ადარდებთ. ღიად გაჩვენებენ სასახლეებს, გალავნების უკან რომ ცხოვრობენ, განახებენ რომ უდევთ ოქროს ზოდები, მილიონები, მოპარული ფული და უკვე ფეხებეზე ჰკიდიათ – აი ეს არის ჩეჩნეთი. მანამდე თუ ერიდებოდნენ, ახლა თავხედურად გაჩვენებენ, რომ ჩვენ აი, ასე ვცხოვრობთ. პლუს, თუ თქვენ ხმას ამოიღებთ, დაგლეწავთ და არავინ დაისჯება. სხვა ჩეჩნეთი არაფერი არ არის.
ვინმეს გულწრფელად გჯერათ, რომ თბილისიდან აშხაბადი შეიძლება, გამოვიდეს? თბილისიდან აშხაბადი რუსებმა ვერ გააკეთეს 1 საუკუნის წინ, როდესაც გადააუთავეს ეს ქვეყანა და გაჟლიტეს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ამათმა როგორც უნდა იწვალონ, იქნება აშხაბადის კიტჩი, სასაცილოები იქნებიან. იქ ვიღაცები რომ სხედან მართლა დიქტატორები არიან და კობახიძე ვინ ჩემი ფეხებია?
დღეს საღამოს ვაპირებ რუსთაველზე გასვლას. რაღაც შეხვედრები უკვე დაგეგმილი მაქვს, იქიდან ვეცადე რომ დამეგეგმა. ყველასთან: პარტიებთანაც, აქტივისტებთანაც. ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც საჯაროდ ლაპარაკობს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პოლიტიკოსმა ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ „ერთობის გარეშე არაფერი გამოვა“.
„ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა, ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ეს გზა ისეთი რთული, რაც ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა, ვინც აქ ვცხოვრობთ, გამოვიარეთ ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში.
გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ ვინ ფიქრობდა, რომ მარტივი იქნებოდა? ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი არ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება, არ გარუსდება, გამორიცხულია.
მე რასაც ვუსმენდი, ბევრს ვხედავ, რომელსაც 3-4 წლის წინ, რომ ვეუბნებოდი ერთობის გარეშე არაფერი გამოვა, საწინააღმდეგოს მიმტკიცებდნენ, ახლა ვუსმენდი და ეთერებში ლაპარაკობდნენ, რომ ერთობის გარეშე არაფერი გამოვა. ერთობის შანსი უფრო დიდია, შეუდარებლად. რაც შეეხება პროცესის ლიდერს, არ ვიცი ამას ლიდერი დაერქმევა თუ რა დაერქმევა, ნებისმიერ შემთხვევაში, მაგის გარეშე, რომ არაფერი გამოვა, მგონია, რომ ბევრმა გაიაზრა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 23 ივნისს მიუსაჯა. მას პროკურატურა თეა წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა.
საქმეზე ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვალა. ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლო დარბაზში დააკავეს. პატიმრობის ათვლა სწორედ 22 მაისიდან დაიწყო.
ზურაბ ჯაფარიძესა და ოპოზიციის 7 ლიდერს ახალი ბრალი პროკურატურამ 8 ნოემბერს წაუყენა.
ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
ჯამში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
ამ საქმეზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონლარიანი გირაო შეეფარდათ.