ბოლქვაძე გელათზე: საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არაა ადვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ გელათთან დაკავშირებით პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა დოკუმენტს არ იცნობს და გაერკვევა.

„საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი; საჭიროა ისეთი ექსპერტები, რომლებიც ამ თემას მოაგვარებენ, კლიმატიდან, სიძველიდან გამომდინარე. ეს თემები მოგვარებადია. მე უნდა გავერკვიო, ყველა დოკუმენტაციას არ ვიცნობ, არ გვაქვს ასეთი ფუნქცია, რომ ყველა დოკუმენტში გავერკვიოთ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, ჩვენ არ გაქვს იმის საფუძველი, რომ გავაჩინოთ ეჭვი, მე ვფიქრობ, უნდა დავიცადოთ. გელათს აზიანებს ყველაფერი და მოდით, ვიფიქროთ ჯერ გელათზე,“ – განაცხადა ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, ყველამ უნდა ისურვოს, რომ ორივე მხარე – საპატრიარქო და კულტურის სამინისტრო შეჯერდეს.

გუშინ საქართველოს საპატრიარქომ გელათის შესახებ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა და იუნესკოს ანგარიში შეაფასა.

„იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.

მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით“, – ამბობენ საპატრიარქოში.