„მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია“ - რა თქვა საპატრიარქომ გელათის შესახებ

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქომ გელათის შესახებ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა და იუნესკოს ანგარიში შეაფასა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მართალია, იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში კულტურის სამინისტრომ მოიწვია, მაგრამ გელათის პრობლემატიკის სიღრმისეული შესწავლისათვის უმნიშვნელოვანესი იყო პატრიარქის, ილია II-ის წერილი იუნესკოს დირექტორისა და იკომოსის პრეზიდენტის მიმართ.

ვრცელ განცხადებაში საპატრიარქო მიუთითებს, რომ გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-2019 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო.

„ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება – ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ მხატვრობის დაზიანების სირთულისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საჭირო იყო მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რომელთაც შესაბამისი კომპეტენცია და ტექნიკური რესურსი ექნებოდათ და რომელნიც, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უმკურნალებდნენ და გადაარჩენდნენ გელათის მხატვრობას.

სწორედ ამ ეტაპიდან იწყება დღევანდელ პოზიციათა სხვაობა, რომელიც უკავშირდება, 2021 წლის ზაფხულში, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მუშაობას. მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა.

სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადჰყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ: სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა); საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთის და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში; ასევე ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველო“-ს კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა; და ასევე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, – ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი.

ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში, 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს, “- ამბობენ საპატრიარქოში.

საპატრიარქოში ასევე ამბობენ, რომ ისინი არ შედიან კონსერვაცია-რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში:„ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას”.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან.

„იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.

მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით“, – ამბობენ საპატრიარქოში. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს: „ვისაუბროთ მშვიდად და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორი თანამშრომლობის შედეგად, შექმნილი კრიტიკული ვითარება დაძლევადი და მოგვარებადია. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს თხოვნას”.