„გელათის ფრესკების კონსერვაციის შედეგები სავალალოა“ - ჩუბინაშვილის ცენტრი

ლიკა ზაკაშვილი

ჩუბინაშვილის ცენტრმა გელათის ტაძრის რესტავრაციის მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ანგარიშში მოამზადა. ანგარიშში ავტორები წერენ, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა, ძეგლზე სამუშაოები კი ქაოსურად და ფრაგმენტულად მიმდინარეობს.

ჩუბინაშვილის ცენტრის ექსპერტები, ასოციაცია „ჯოვანი სეკო სუარდოს“ რესტავრატორთა მიერ მომზადებულ მოხატულობათა კონსერვაციის მეთოდოლოგიას „შემაშფოთებელს” უწოდებენ და ამბობენ, რომ ზოგიერთი მოხატულობის კონსერვაცია უკიდურესი მეთოდოლოგიური დარღვევებით ჩატარდა, რის შედეგადაც დასავლეთი მკლავის მხატვრობის ავთენტური სახე შეილახა.

ექსპერტების თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ მხატვრობის ავთენტური სახის შემლახავი ჩარევები პროფესიული წრისგან მალულად შესრულდა, რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ჩარევებზე არაფერი იყო ნათქვამი და ხელშეკრულებების ჩანაწერი მხოლოდ მხატვრობის „სრულ კონსერვაციას“ ეხება. ამგვარი „თვითნებობა“ კი საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას წარმოადგენს და ხელშეკრულების პირობებს სცდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ტაძარში დაზიანებული ფრესკების კონსერვაცია-რესტავრაციამდე აუცილებელია შენობის სრული გამოშრობა და ტაძრის მოხატულობების კონსერვაცია პროფესიონალების მიერ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს.

ანგარიშში ცალ-ცალკეა მიმოხილული გადახურვისა და ფრესკების კონსერვაციის გარშემო არსებული პრობლემები.

დროებითი გადახურვის საკითხი – მოუგვარებელი პრობლემა

გელათთან დაკავშირებული პრობლემები 2018-2019 წლებში დაიწყო, როცა სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარვეზებით ჩატარდა. დაბალი იყო მოჭიქული კრამიტების ხარისხი, მთლიანად, სამუშაოები ჩატარდა უხარისხოდ, რაც სახურავში წყლის გაჟონვის მიზეზი გახდა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ძლიერი წვიმის დროს ათეულობით ლიტრი წყალი ხვდებოდა კედლებსა და კამარებში. ზოგჯერ წყალი თქრიალით მოედინებოდა ინტერიერში. უდიდესი ნაწილი კი შენობამ შეიწოვა, რამაც უმძიმესი გავლენა იქონია კედლის მხატვრობაზე.

შენობის წყლის ინფილტრაციისაგან დასაცავად 2020 წელს გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებითი სახურავით ნაწილობრივ გადაიხურა – მთავარი ტაძრის შენობა თუნუქის დროებით სახურავით დაფარეს, რომელიც ზემოდან ადევს კრამიტებს. ტაძრის სხვა ნაწილებზე კი კრამიტის სახურავი ისევ არაა აღებული და იქ არც დროებითი სახურავია მოწყობილი.

ექსპერტების თქმით, დროებითი სახურავი გელათის მთავარი ტაძრის შენობას წყლის ინფილტრაციისაგან იცავს, თუმცა აფერხებს კედლებისა და კამარების გაშრობის პროცესს. სახურავის მოწყობისას განმეორდა იგივე შეცდომა, რაც დაშვებული იქნა კრამიტების დაგების დროს – ის საკმარისად არ არის გამოწეული კედლებიდან.

სახურავის ნაწილობრივმა მოხსნამ და იმ ფაქტმა, რომ ტაძრის სხვა ნაწილებიდან კრამიტის სახურავი აღებული არაა, შენობის არათანაბარი გაშრობის პრობლემა გამოიწვია – ტენის აორთქლება ამ მიმართულებით წარიმართა, რამაც დასავლეთი მკლავის კედლის მხატვრობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩუბინაშვილის ცენტრმა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში მიმართა ეროვნულ სააგენტოს, გელათის წმ. გიორგის ტაძრებზე მოწყობილიყო მყარი დროებითი გადახურვა, რომელიც სრულად დაიცავდა მას ინფილტრაციისაგან და სპეციალისტებს მუშაობის შესაძლებლობას მისცემდა. ეს წინადადება სააგენტომ არ მიიღო, რადგან ჩათვალეს, რომ ასეთი მასშტაბის დროებითი გადახურვის მოწყობა ძლიერი ქარების გათვალისწინებით რისკებთან იყო დაკავშირებული.

ჩუბინაშვილის ცენტრის ექსპერტები წერენ, რომ რისკის მიუხედავად, სრული დროებითი გადახურვა კვლავაც ყველაზე ეფექტური საშუალებაა გელათის დასაცავად და ის უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტებმა უნდა დააპროექტონ.

ასეთი გადახურვა უნდა მოეწყოს წმ. გიორგის ეკლესიაზეც და დიდ ტაძარზე მთლიანად უნდა იქნას აღებული დარჩენილი კრამიტები, საიმედო დროებითი სახურავის მოწყობის შემდეგ. დასკვნაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რეაბილიტირებული კრამიტის სახურავის ქვეშ აკუმულირებული ნესტი მოხატულობების დაზიანების მუდმივ წყაროს წარმოადგენს.

„არსებითია, რომ შენობა მთლიანად განთავისუფლდეს სახურავისგან, რათა კედლებისა და კამარების გაშრობის პროცესი თანაბრად წარიმართოს და აღარ მოხდეს ანაორთქლი ნესტის კონცენტრაცია ცალკეულ ადგილებში, როგორც ახლა ხდება”, – ვკითხულობთ კვლევაში.

ფრესკები – შემაშფოთებელია იტალიური ჯგუფის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია

ჩუბინაშვილის ცენტრის ექსპერტებიც, სხვა საერთაშორისო ექსპერტების მსგავსად, უკიდურესად ნეგატიურად აფასებენ ასოციაცია „ჯოვანი სეკო სუარდოს რესტავრატორთა მიერ მომზადებულ მოხატულობათა კონსერვაციის მეთოდოლოგიას. მათი შეფასებით, იტალიური ჯგუფის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია მცდარია და ძეგლზე განხორციელებული ჩარევები „შემაშფოთებელი”.

ანგარიშში იტალიურ სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმების გამო გაკრიტიკებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. მესვეურებისთვის ცნობილი იყო, რომ მხატვრობის სრული კონსერვაციის განხორციელებაზე იტალიური ჯგუფის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით უკიდურესად კრიტიკული შეფასებები იყო გამოთქმული, თუმცა ხელშეკრულება მაინც გაფორმდა.

ექსპერტები წერენ, რომ მხატვრობის სრული კონსერვაციის გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან ტაძრის ექსტერიერისა და ინტერიერის ყველა მონაკვეთში მაღალ ტენიანობას ადასტურებს კლიმატოლოგი ალესანდრო მასარიც, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იტალიური ჯგუფის წევრია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იტალიურ სააგენტო ჯოვანი სეკო სუარდოსთან ხელშეკრულება მხატვრობის სრულ კონსერვაციაზე გააფორმა. ნესტისა და ტემპერატურის გამო შექმნილ არასტაბილურ გარემოში კი „სრული კონსერვაცია“ არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ ასოციაცია „სუარდოსთან“ გელათის ტაძრის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. იტალიური ასოციაცია სუარდოს ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა 2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში შეადგინა. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს.

კედლის მხატვრობისა და მოზაიკის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 1 ნოემბერს ხუთი ხელშეკრულება გააფორმა.

სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს ანდეს. ჯერ კიდევ 2021 ნოემბერში გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი „აიფაქტი“ წერდა, რომ რესტავრაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუმჭვირვალე იყო. ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი შიშობდა, რომ ბუჩუკურის ჯგუფთან დადებული ხელშეკრულება უკვე მხატვრობის სრულფასოვან კონსერვაციას გულისხმობდა, ეს კი კედლების სრულ გამოშრობამდე დაუშვებელი იყო.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ტაძრის დასავლეთის მკლავის კონსერვაციის შემდგომ მდგომარეობას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დასავლეთის მკლავში, იქ სადაც იტალიურ-ქართული ჯგუფი მუშაობდა, მოხატულობის დაზიანების აქტიური კერებია და მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია, ვინაიდან მარილების დაშლა-კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დასავლეთი მკლავის მოხატულობა შესაძლოა მეთოდოლოგიურ თვალსაჩინოებადაც კი იქცეს იმის საილუსტრაციოდ, თუ რა შედეგი მოაქვს არასწორი მეთოდოლოგიით განხორციელებულ კონსერვაციას.

„ჩამოთვლილი მძიმე დაზიანების მაგალითი დასავლეთ მკლავში არაერთია, ფერწერული ფენის აქერცლილი მონაკვეთები არაერთგან არის უკვე სრულად საფუძველს მოცილებული და ცვივა, ბათქაშის ფენა ალაგ ამოტეხილია, ალაგ ისეა გაფხვიერებული, რომ შემავსებლად გამოყენებული ნამჯა ზედაპირზეა ამოსული და ცვივა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

შემაშფოთებელი მეთოდოლოგიური დარღვევები

ანგარიშში წერია, რომ უკიდურესად შემაშფოთებელი მეთოდოლოგიური დარღვევაა დასავლეთ მკლავში ტონირება – რესტავრაციის მიდგომის გამოყენება.

მათი თქმით, ეს მიდგომა პრინციპულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ დასავლეთი მკლავის მხატვრობის ავთენტური სახის შემლახავი ჩარევები პროფესიული წრისგან მალულად შესრულდა – მას არ გაუვლია პროფესიული შეფასების, რეცენზირების თუ დამტკიცების არცერთი რგოლი.

ექსპერტების თქმით, კვლევის ეტაპზე შესწავლილ ანგარიშებში სარესტავრაციო ჩარევებზე არაფერია ნათქვამი და კონსერვაციის სამუშაოებში ჩართულ პირთა განცხადებებში საუბარი მხოლოდ გადაუდებელ ღონისძიებებზეა.

„საყურადღებოა, რომ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არც ხელშეკრულებათა ტექსტებშია შეტანილი, ხელშეკრულებებში შესყიდვის ობიექტად დასავლეთი მკლავის მხატვრობის „სრული კონსერვაცია“ არის განსაზღვრული და არა – რესტავრაცია, რომელიც სქემატური და ქრომატული აღდგენების სახით არის განხორციელებული“.

„ცალკეულ რესტავრატორთა გემოვნებაზე დაფუძნებული მხატვრული ინტერპრეტაციები არა მხოლოდ ლახავს მოხატულობის ავთენტურ სახეს და წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას, ეს არის პროფესიული ეთიკის უხეში დარღვევაც“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ამ თავში ასევე აღნიშნულია, რომ მოხატულობების აღდგენილ მონაკვეთებთან მიმდინარეობს დაზიანებების აქტივიზაციის პროცესი – მარილის კრისტალიზაციის, ფერწერული ფენის გაფხვიერებისა თუ აქერცვლის სახით.

„საბოლოოდ, გელათის მოხატულობის კონსერვაციისა და რესტავრაციის შედეგები სავალალოდ და უკიდურესად შემაშფოთებლად უნდა შეფასდეს – მით უფრო, რომ ეჭვს არ იწვევს, დროთა განმავლობაში, არასწორი მეთოდოლოგიით წარმართული საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ნეგატიური ეფექტის გაძლიერება, მით უფრო – დღემდე მოუგვარებელი გადახურვის საკითხის ფონზე“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ექსპერტების თქმით, პირველ რიგში ტაძარში მაღალი ტენიანობის პრობლემა უნდა მოგვარდეს. ტაძრის ინტერიერის თანაბრად გამოშრობის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება მოხატულობის სრული კონსერვაცია. გაშრობის პროცესში კი საჭიროა ტაძრის ინტერიერის მონიტორინგი და ჩარევა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს.