ბოლსონაროს ათასობით მხარდამჭერი ბრაზილიის სამთავრობო უწყებებში შეიჭრა

პუბლიკა

ბრაზილიის ულტრამემარჯვენე ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს ათასობით მხარდამჭერი 8 იანვარს ქვეყნის კონგრესში, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრა.

ბრაზილიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დედაქალაქ ბრაზილიაში წესრიგი აღდგენილია.

არეულობა ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთ კვირაში დაიწყო. მან კონკუტენტი არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა, რასაც ბოლსონაროს მხარდამჭერები არ აღიარებენ.

CNN-ის ცნობით, ბოლსონაროს ასობით მხარდამჭერმა ჩაამსხვრია ფანჯრები და გამოიყენა ავეჯი უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ბარიკადების შესაქმნელად. ხელისუფლების ცნობით, დაკავებულია სულ მცირე 400 ადამიანი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

შემთხვევის ადგილის მონახულებისას, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დასჯის მათ, ვინც მონაწილეობდა ძალადობაში. მანამდე, ლულა და სილვამ დედაქალაქში მოვლენებს „ბარბაროსული“ უწოდა და თქვა, რომ „უსაფრთხოების ზომების ნაკლებობამ“ ბოლსონაროს „ფაშისტ“ მხარდამჭერებს საშუალება მისცა, დაერღვიათ ბარიერები.

ბოლსონარომ დაგმო თავისი მხარდამჭერების ქმედებები, თუმცა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი და კანონიერი დემონსტრაციები დემოკრატიის ნაწილია, „საზოგადოებრივი შენობების დარბევა და შეჭრა, როგორც დღეს მოხდა, ისევე როგორც ეს მემარცხენეებმა გააკეთეს 2013 და 2017 წლებში, უკანონობაა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო შეტევა „დემოკრატიასა და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე“ და მხარდაჭერა გამოუცხადა ლულა და სილვას. მას შეუერთდა მსოფლიო ლიდერები, რომლებმაც დაგმეს ძალადობა, მათ შორის ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.

ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ სამხედროებს უბრძანა, 24 საათის განმავლობაში დაეშალათ ბოლსონაროს მხარდამჭერთა ბანაკები მთელი ქვეყნის მასშტაბით და უთხრა პოლიციას, დაეკავებინათ ყველა მომიტინგე, რომელიც ჯერ კიდევ ქუჩაში იყო.