ბორელი: ევროკავშირის წევრობა არის ის, რასაც წლები სჭირდება, ჩვენ კი პასუხები უახლოეს საათებში უნდა გავცეთ

პუბლიკა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელს ჟურნალისტებმა უკრაინის ევროკავშირში სპეციალური პროცედურით გაწევრებაზე დაუსვეს შეკითხვა.

„დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, დამიჯერეთ. უფრო პრაქტიკული საკითხებით უნდა დავკავდეთ. წევრობა არის ის, რასაც წლები სჭირდება. ჩვენ კი პასუხები უახლოეს საათებში უნდა გავცეთ და არა უახლოეს წლებში.

უკრაინას აშკარად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვებრძოლოთ აგრესიას. მსოფლიო არ დაუშვებს, რომ ძლიერმა ქვეყანამ დაამარცხოს მეზობელი ქვეყანა თავისი სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებით. თუ დავუშვებთ, ეს იქნება „ჯუნგლების კანონი“, -აღნიშნა მან.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განცხადებას ევროკავშირში გაწევრების შესახებ.
„ჩვენ ევროკავშირს უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრებას ახალი სპეციალური პროცედურის მიხედვით ვთხოვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.