ჩხიკვაძე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: შესაძლოა, თვეების ამბავიც იყოს

პუბლიკა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებს.

„უკრაინელებმა ბევრჯერ დაამტკიცეს, რომ ისინი ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. მოვიდა დრო, რომ ეს ფურცელზეც ავსახოთ. უკრაინა სპეციალური პროცედურის ქვეშ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებს. მადლობელნი ვართ ჩვენი პარტნიორების, მათი მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებების გამო“, – წერს დენის შმიჰალი Twitter-ზე.

რას ნიშნავს სპეციალური პროცედურის ქვეშ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა უკრაინისთვის და რა შესაძლებლობას აძლევს საქართველოსთვის ეს მოცემულობა – ამ საკითხებზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს ვესაუბრეთ.

ვანო ჩხიკვაძის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინის მიერ განაცხადის გაკეთების შემთხვევაში გეგმავს, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და როგორც მისთვისაა, ცნობილი გერმანია სიმპათიით უყურებს ამ გადაწყვეტილებას.

„ჩემი ინფორმაციით, არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, გერმანია შეძლებს, დაარწმუნოს ისინი.“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

მისი თქმით, წევრობაზე განაცხადის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანა ერთგვერდიან დოკუმენტს ავსებს, რის შემდეგაც, სტანდარტული პროცედურის მიხედვით, ევროკავშირის კომისია ამზადებს დასკვნას და ქვეყნები ერთხმად იღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

მისი თქმით, განაცხადის შევსებიდან წევრობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში სხვადასხვა იყო, თუმცა თითოეული მათგანის შემთხვევაში გამოყენებული იყო ტრადიციული რეჟიმი და სპეციალური პროცედურის ქვეშ, დაჩქარებულ რეჟიმში, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლოა კვირების ან თვეების ამბავი იყოს.

„სერბეთმა 2009-ში გააკეთა განაცხადი და 2012 წელს მიიღო კანდიდატის სტატუსი; მონტენეგრომ 2008 წელს გააკეთა და 2010 წელს მიიღო; ჩრდილო მაკედონიამ – 2004-ში და 2005-ში მიიღო; ალბანეთმა – 2009 ში და 2014-ში მიიღო. ყველაზე სწრაფი იყო ჩრდილო მაკედონიის ვარიანტი. უკრაინისთვის შეიძლება, თვეების ან კვირების საკითხი იყოს, ამ რეალობის გათვალისწინებით“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ჩხიკვაძის თქმით, საქართველო აუცილებლად უნდა გაჰყვეს უკრაინას ამ გზაზე და გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე.

„ჩვენ, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გავყვეთ გზას, რომელსაც გადის უკრაინა, რადგან როგორც უკრაინაა ომით დაზარალებული, ისე ვართ ჩვენ და ეს შესაძლებლობა ასეთი ქვეყნებისთვის იხსნება. ამას თუ ჩამოვრჩით, მერე ძალიან გაგვიჭირდება. რასაც ევროკავშირთან მიმართებით გააკეთებს უკრაინა, იგივე უნდა გავაკეთოთ.“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.