ბორელი „მეორე ფრონტზე“: ვფიქრობ, ამას სერიოზულად არავინ განიხილავს

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი „მეორე ფრონტის“ შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს და ამბობს, რომ „მეორე ფრონტის საკითხი გრძელი ამბავია“ და ამას სერიოზულად არავინ განიხილავს. მისი თქმით, ის ვერ ხედავს, რომ ეს მოსალოდნელია უკრაინისგან ან სხვისგან.

ჯოზეფ ბორელმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირს სურს, უკრაინასა და საქართველოს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდეთ.

„ჩვენ გვინდა, საქართველოსა და უკრაინას საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდეთ. სხვა ნებისმიერი რამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მივაწოდო ეს გზავნილი უკრაინასაც.

რაც შეეხება „მეორე ფრონტს“, ვფიქრობ, ეს გრძელი ამბავია და ამას სერიოზულად არავინ განიხილავს, მე ვერ ვხედავ, რომ რომ ასეთი მოწოდება ყოფილიყო უკრაინიდან, ან ვინმე სხვისგან“, – განაცხადა ბორელმა.

ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც.

„სამწუხაროდ, რამდენიმე განცხადება იყო მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც გაკეთდა უკრაინელი სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ – უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და პრეზიდენტის მრჩევლის მიერ. ძალიან სამწუხარო იყო, თუმცა ჩვენ უკრაინას მტკიცედ ვუჭერთ მხარს პოლიტიკურად და ძლიერი ჰუმანიტარული დახმარება გვაქვს გაწეული…

სანქციებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გვაქვს: ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს და ამის ძლიერი არგუმენტები გვაქვს.

ამავდროულად საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.


ირაკლი კობახიძემ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებაზე მიანიშნა. დანილოვმა თქვა, რომ უკრაინაში ომის პარალელურად თუ საქართველო და მოლდოვა ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებას დაიწყებდნენ, ეს უკრაინას დაეხმარებოდა. მანვე აღნიშნა, რომ ეს ამ ქვეყნების მთავრობების გადასაწყვეტია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აცხადებენ, რომ „გლობალური ომის პარტიას“ საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა სურს. ვინ შედის „გლობალური ომის პარტიაში“ – ამ შეკითხვაზე ისინი ამბობენ, რომ უკრაინისა და დასავლეთის ზოგი წარმომადგენელი და ქართული ოპოზიცია, უმეტესად, „ნაციონალური მოძრაობა“.

ხელისუფლების ამ რიტორიკას უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის წარმომადგენლები. მათ ამ ინფორმაციას პროპაგანდა და დეზინფორმაციას უწოდეს.