ბორელის თქმით, EU-მ პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სერიოზულად უნდა მიიღოს ვლადიმერ პუტინის მუქარა, უკრაინის კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

„რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსული არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარა – ძალიან ცუდია…

უნდა გამოიძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტის გზა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ომი, მაგრამ არ გვექნება მშვიდობა და გვექნება კიდევ ერთი ომი,” – თქვა ბორელმა.

პუტინმა მხარი დაუჭირა უკრაინის რეგიონების ანექსიას, დასავლეთი კი გააფრთხილა, რომ არ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მზად არის რუსეთის დასაცავად ბურთვული იარაღი გამოიყენოს.

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.