ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტია ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს

პუბლიკა

წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებს კონსერვატორები იგებენ. ამ დროისთვის, თემთა პალატის 650 ადგილიდან მათ 363 ადგილი აქვთ მოპოვებული.

ჯერემი კორბინის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში 203 ადგილი მოიპოვა და 59 მანდატით ნაკლები ექნება გასულ არჩევნებთან შედარებით. კორბინის თქმით, ეს შედეგი მათთვის დიდი იმედგაცრუება იყო და მომავალ არჩევნებში პარტიას აღარ უხელმძღვანელებს.

მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის პარტიამ კი 2017 წელს გამართულ არჩევნებთან შედარებით უფრო მეტი ხმა მიიღო და პარლამენტში 47 ადგილით მეტი ექნება. შესაბამისად, უმრავლესობის შესაქმნელად კონსერვატორებს კოალიციის შექმნა არ მოუწევთ, რაც ექსპრემიერს ტერეზა მეის დასჭირდა.

ბორის ჯონსონმა წელს არჩევნების გამართვას მხარი ბრექსიტის მისაღწევად დაუჭირა. ტერეზა მეის შექმნილ უმრავლესობაში ბრექსიტის შესახებ ჯონსონის პოზიციებს ყველა არ იზიარებდა. ეს გამარჯვება კი, სავარაუდოდ, ჯონსონს, რომელიც ისევ პრემიერ-მინისტრი იქნება, ბრექსიტის მისეული პროექტის გატანის საშუალებას მისცემს.

ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილს „შოტლანდიის ეროვნული პარტია“ დაიკავებს. მათ 48 ადგილი ექნებათ, მათ მერე „ლიბერალ-დემოკრატები“ მოდიან, რომლებსაც 8 მანდატი ექნებათ.