ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

„112-ში“ შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ხანძრის ეპიცენტრთან ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. მეხანძრე მაშველებს, რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდნენ. პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი 4 ჰექტარ ფართობზე. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც“, – ამბობენ სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.