ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბრალის დაზუსტების შემდეგ საბრალდებო მუხლში არაფერი შეცვლილა, ცვლილება გაჩნდა მხოლოდ ბრალის ფორმულირებაში.
ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით დაცვის მხარეს არ აქვს ის მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნონითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი დაუზუსტდათ. მისი თქმით, მელაშვილი არ ეთანხმება ბრალდებას.
„ბრალდებაში ჩაემატა ორი სიტყვა „სხვისი დავალებით“ მოქმედება. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. ჩვენთვის ეს არის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება. ამ ეტაპისთვის ჩვენ სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს. ალბათ, თუ რამეა მოპოვებული, ორ დღეში გადმოგვცემენ. ივერი მელაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, მიუღებელია მისთვის ეს ყოველივე. მტკიცებულება, რომელიც რაიმე ბრალდებას ან ვინმესთან კავშირს დაადასტურებს, ჩვენთვის არც აქამდე იყო და დარწმუნებული ვარ, არც ახლა იქნება”, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს ბრალდების მხარე დაცვის მხარეს ხვალ გადასცემს. მისი თქმით, ნატალია ილიჩოვა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„ბრალის შესახებ დადგენილებაში ფრაზა – „დავალების მიღება“ გაჩნდა. ეს ფრაზა საქმეში საერთოდ არაფერს ცვლის, იგივე პოზიცია აქვს ბრალდებულსაც, რომ ის უდანაშაულოა და არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ გაუკეთებია, შესაბამისად, ამით არაფერი ახალი არ მომხდარა. ვიცი, რომ ფარული ჩანაწერები არსებობს, თუმცა, როგორც ბრალდების მხარემ განგვიცხადა, ხვალ გადმოგვცემს. როგორც ვიცი, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებულ ფარულ ჩანაწერზეა საუბარი“, – განუცხადა მახარაძემ IPN-ს.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გლდანის მე-8 და რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალი დღეს დაუზუსტეს. საპატიმროებში მისულ პროკურორებს აქტივისტები საყვირებითა და შეძახილით – „მონა“ დახვდნენ.
საქმის პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბრალის დაზუსტების საფუძველი დანაშაულის მოტივის დადგენა გახდა, რაც, მათი თქმით, გამოიხატებოდა მელაშვილის და ილიჩოვას მიერ ზემდგომი პირების დავალების შესრულებაში.