„ზემდგომი პირების დავალების შესრულება" - პროკურორი ამბობს, რომ დანაშაულის მოტივი დაადგინეს

პუბლიკა

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს წარდგენილი ბრალდება დაუზუსტდათ.

ბრალდებულებთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურორი გიორგი მუჯირი იყო შესული, რომელმაც მედიას განუცხადა, რომ ბრალის დაზუსტების საფუძველი დანაშაულის მოტივის დადგენა გახდა, რაც, მათი თქმით, გამოიხატებოდა მელაშვილის და ილიჩოვას მიერ ზემდგომი პირების დავალების შესრულებაში.

პროკურორი საპატიმროში აქტივისტებმა ხმაურითა და შეძახილებით – „მონა“ შეაცილეს. მათი პერფორმანსი მისი გამოსვლისა და მედიასთან განცხადების გაკეთების დროსაც გაგრძელდა.

„ახალი ბრალდებების დადგენილების გამოტანა განპირობებულია წარდგენილი ბრალდების დაზუსტებით. კერძოდ, ახალი ბრალდებით დაზუსტებული იქნა ბრალდებულთა ქმედების მოტივაცია. კერძოდ, ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ მიღებული დავალებისამებრ. სწორედ აღნიშნული გარემოება გახლავთ ახალი დადგენილებით განსაზღვრული.

ბრალდების მხარემ შეძლო და მოიპოვა კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას და ამ ქმედებების განხორციელებისას ისინი მოქმედებდნენ მიღებული დავალებისამებრ.

მტკიცებულებები, რაც ბრალდებამ მოიპოვა, გახლავთ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული. სწორედ ეს მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ისინი მოქმედებდნენ დავალებისამებრ.

პირსა და პირთა წრეს, ვინც აძლევდა დავალებებს, არ ვაკონკრეტებთ, ვინაიდან არსებობს სხვა სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა პროკურორმა.