ბრალდებულებმა სესხის განაცხადებში მცდარი ინფორმაცია დააფიქსირეს და უკანონოდ მიიღეს 400 000-მდე ლარი - საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტებზე 14 პირი პასუხისგებაში მიეცა. უწყების ცნობით, საუბარია 5 საქმეზე, ბრალდებულებმა კი უკანონოდ ჯამში დაახლოებით 400 000 ლარი მიიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში, შეავსეს სესხის განაცხადები, რომლებშიც დააფიქსირეს მცდარი ინფორმაცია მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ასევე წარადგინეს ყალბი ცნობები ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღებისა და სამუშაო ადგილის თაობაზე, რა გზითაც უკანონოდ მიიღეს ჯამში დაახლოებით 400 000 ლარი“, – წერია განცხადებაში.