ბრალის დამძიმებას არ ვეთანხმებით - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

პუბლიკა

დაკავებული პოლიციელის ადვოკატი, რომელსაც პროკურატურა ვაჟა-ფშაველას გამზირზე არაპირდაპირი განზრახვით ქალის მკვლელობას ედავება, ბრალის დამძიმებას არ ეთანხმება.

„ბრალის დამძიმებას არ ვეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ კვალიფიკაცია ამ დროისთვის მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ 108-ე მუხლს, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას. მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანის მოქმედებაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია – არც პირდაპირს და არც არაპირდაპირს. რეალობას აცდენილია ის მუხლი, რომლითაც დაკვალიფიცირდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მოქმედება“, – უთხრა დაკავებული პოლიციელის ადვოკატმა, ნუგზარ წერეთელმა, ტელეკომპანია „ფორმულას“.

არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით შსს-ს თანამშრომელს ბრალი პროკურატურამ 21 აპრილს წარუდგინა. თავდაპირველად ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დააკავეს. ეს მუხლი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს, თუმცა ბრალის ოფიციალურად წარდგენისას მუხლი გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი საბოლოოდ „არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის“ მუხლით წარედგინა.

„ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც დადგინდა ზუსტი მანძილი. გასროლის ადგილიდან შემთხვევის ადგილამდე მანძილმა შეადგინა 306 მეტრი. შსს-ს თანამშრომელი ღამის საათებში, იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის უმეტესობა იმყოფება საცხოვრებელ სახლებში, გავიდა აივანზე და „ვიკინგის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა კორპუსის მიმართულებით“, –უთხრა „ფორმულას“ საქმის პროკურორმა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.