ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე ფლავიო ბოლსონარო გავიდა, მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება

პუბლიკა

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე პოლიტიკოსი – ფლავიო ბოლსონარო გავიდა პირველ ადგილზე. ბოლსონარომ ხმების 47%-ზე მეტი მოიპოვა და მოქმედ პრეზიდენტს, მემარცხენე ლულა და სილვას მცირედით გადაასწრო, რომელმაც ხმების 45%-ზე მეტი მიიღო. რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-იანი ნიშნულის გადალახვა, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დაინიშნება. 25 ოქტომბერს დაგეგმილ მეორე ტურში სწორედ ფლავიო ბოლსონარო და ლულა და სილვა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ფალვიო ბოლსონარო ასევე მემარჯვენე პოლიტიკოსის, ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს შვილია, რომელიც 27-წლიან სასჯელს იხდის 2022 წელს არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით.

როგორც BBC წერს, წინასაარჩევნო გამოკითხვებში მოქმედი პრეზიდენტი ლულა მცირე უპირატესობით უსწრებდა ფლავიო ბოლსონაროს. მეორე ტურის წინ კი ანალიტიკოსები უფრო მეტად ბოლსონაროს წარმატებას მოელიან. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ისიც ეხმარება, რომ კანდიდატების ნაწილი ასევე მკვეთრად გამოხატული მემარჯვენე პოლიტიკოსია.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ბოლსონაროს პარტიამ ყველაზე მეტი სენატორის, დეპუტატისა და გუბერნატორის გაყვანა შეძლო და მოსალოდნელია, რომ კონგრესში მათ ექნებათ უპირატესობა.

ლულა და სილვამ, რომელიც ადრე ორი ვადით უკვე იყო არჩეული და ახლა მეორედ მართავს ქვეყანას, ბრაზილიელებს მიმართა, რომ არჩევანი დემოკრატიასა და „ბარბაროსობას“ შორის აქვთ გასაკეთებელი.

ლულა და სილვა და ფლავიო ბოლსონაროს მამა, ჟაირ ბოლსონარო თანამედროვე ბრაზილიის პოლიტიკაში ორი ყველაზე გავლენიანი პერსონაა. პატიმრობაში მყოფ ჟაირ ბოლსონაროს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა, ამიტომ მან საპრეზიდენტო კანდიდატურაზე თავის უფროს შვილს – ფლავიოს დაუჭირა მხარი. მისი ცოლი – მიშელი კი სენატში აირჩიეს. ფლავიო ბოლსონაროს ერთ-ერთი დაპირებაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მამამისსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებს გაათავისუფლებს.

როგორც BBC წერს, ბრაზილიის საზოგადოება ლულასა და ბოლსონაროს გარშემოა პოლარიზებული. ბოლსონაროს ბრაზილიის სამხრეთში, უფრო შეძლებულ რეგიონებში უჭერენ მხარს. ლულა კი უფრო ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში – ღარიბ რეგიონებშია პოპულარული, დაბალშემოსავლიან ამომრჩევლებში, კათოლიკეებსა და ქალებში.