ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება - საპატრიარქო

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თვალყურს ადევნებენ გავრცელებულ ინფორმაციას აია-სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ.

„აია-სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1000 წლის მანძილზე, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს. ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, “- ამბობენ საპატრიარქოში.

საპატრიარქოში ასევე ამბობენ, რომ პატივს სცემენ თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და იმედოვნებენ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად.