„რიონის ხეობის მცველები“ გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და მხარდამჭერებს იქ მისვლისკენ მოუწოდებენ.
„რადგან ასე დაიძაბა ვითარება და რეალურად ბრძოლის ხაზი არის მოცემულ მომენტში სოფელი გუმათი, გუმათჰესთან ვდგავართ, ყველას მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ აქ. ჩვენ კი არ მოვუწოდებთ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდნენ, მშვიდობიანად რომ დავდგეთ და ჩვენი აქ დგომით და სიმრავლით დავიცვათ ჩვენი უფლებები.
დღეს დეკლარირებულად სცადეს, რეპრესიულად ჩაახშონ ჩვენი სამართლიანი, არგუმენტირებული პროტესტი, პირდაპირ ჩანს ეს შინაგან საქმეთა სმაინისტროს განცხადებიდან, რომ თურმე რიონის ადიდების გამო აგვიშალეს კარვები ნამოხვანში და ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ, ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიულ ადგილას გავშალოთ კარვები ნამოხვანში და გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი, რომ განიმუხტოს სიტუაცია, მათ თქვეს რომ ნამოხვანში კარვებს ვერ გაგვაშლევინებენ, გამოდის რომ თავიდან რაც თქვეს კარვების აშლის მოტივი ეს არ იყო და შეგვიზღუდეს ჩვენი პროტესტის გამოხატვის ფუნდამენტური უფლება.
კიდევ ეძლევა ხელისუფლებას დაფიქრებისთვის და ადეკვატური გააზრებისთვის დრო, თუ ჩვენ დავიძრებით თბილისში, ათასობით ადამიანი მიადგება მათ კარზე და უკვე იქნება სულ სხვა მოთხოვნა და აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დადგებიან, ამიტომ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ზოგადად ქვეყანას არ სჭირდება მსგავსი პროცესები, ამიტომ რადგან უკან ვერ დავიხევთ, რადგან ეს ბრძოლა არის ხალხის მოსაგები ბრძოლა, იმიტომ რომ სამართლიანი და არგუმენტირებული ბრძოლაა, რჩებათ ცოტა დრო რომ ადეკვატურები იყვნენ და გონივრულად გადადგან შემდეგი ნაბიჯები“,- აცხადებს ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.
დღეს შსს-მ ნამოხვანში „რიონის ხეობის მცველების“ კარვები დაშალა. მოტივად უწყებაში განმარტეს, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ.