იბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - კახელების მიმართვა კახელ დეპუტატებს

პუბლიკა

„იპოვეთ ბრძოლისუნარიანობა საკუთარ თავში და იბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, – კახელები, კახელ დეპუტატებს, დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართვას უგზავნიან და სთხოვენ პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტო არ დაძლიონ. მიმართვას „ცოდნის კაფე” ავრცელებს.

„რამდენიმე საათი გრჩებათ ჩვენი ქვეყნის  ისტორიაში წყალგამყოფ სესიამდე, გამოიყენოთ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭიროთ ჩვენი ქვეყნის გარუსების გზას.

კახელებმა წარგადგინეთ პარლამენტში და ამიტომ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ თქვენს ამომრჩეველს იმედი უკვე გაგვიცრუეთ, როცა კანონს აგენტების შესახებ მხარი დაუჭირეთ.

მნიშვნელოვანია გაიაზროთ , რომ ხვალ თქვენი პირადი და საზოგადოების ინტერესები იკვეთება. ამიტომ, ხვალ ბოლო შანსი გაქვთ, არ დაძლიოთ პრეზიდენტის ვეტო და მხარი დაუჭიროთ არა რუსული ორბიტისკენ შეტრიალებას, არამედ – საქართველოს ევროპულ მომავალს.

არ შეიძლება ჩვენ  და თქვენ სხვადასხვა მიზანი გვქონდეს და სხვადასხვა რამ გვინდოდეს ქვეყნისთვის. თქვენ გიცნობდით ბრძოლისუნარიან და საზრიან პოლიტიკოსებად.

ბატონო დავით, მოგმართავთ თხოვნით, ევროპული განათლება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად გამოიყენეთ და არა ევროპული გზის ძირის გამოსათხრელად!

ბატონო ირაკლი, 90-იანებიდან ქართულ პოლიტიკაში ხართ და თქვენ ბევრზე კარგად იცით, ვინ არის მტერი ჩვენი, ვინ – მეგობარი.

ამიტომ, ისტორიის გადაწყვეტ დროს, მოგმართავთ თხოვნით, ნუ იმოქმედებთ მტრის სასარგებლოდ და დადექით თქვენი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის მხარეს.

გვჯერა, პერსონალურად თქვენ არ ეთანხმებით რუსული სტილის კანონს, თუმცა, ახლა ქვეყანას გვჭირდება, თქვენი შინაგანი ხმა კახელების მონიჭებული საპარლამენტო მანდატის ძალით გააძლიეროთ და დაგვიდგეთ მხარში ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ახალგაზრდებსა და უფროს თაობებს. გვჯერა, თქვენთვისაც ამაღელვებელია ახალი საქართველოს დაბადება საქართველოს ქუჩებში. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, ქართველი ხალხის ნება გამოხატოთ ხვალ და დაგვიბრუნოთ ცივილიზებულ სამყაროსთან თანაცხოვრების შესაძლებლობაც.

გადამწყვეტ დროს, მოგმართავთ, დაამარცხოთ საკუთარ თავში შემოპარული შიში, რომ თქვენ თითქოს უძალონი ხართ, იპოვოთ ბრძოლისუნარიანობა საკუთარ თავში და იბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოდან.

თუ საქართველოს პარლამენტიდან  28 მაისს თქვენ მოემსახურებით საქართველოს ევროპული გზის ინტერესს, პირობას გაძლევთ, კახელებიც სამაგალითო პატრიოტად დაგიმახსოვრებთ. თუკი, თქვენ კახელი ამომრჩევლის და ქართველის ხალხის წინააღმდეგ იმოქმედებთ,თქვენს ამომრჩეველს თაობების წინაშე დაუტოვებთ სირცხვილს, რომ ირიბად მაინც წვლილი შეიტანეს თქვენი მხარდაჭერით საქართველოს გარუსების საფრთხეში.

მტკიცედ გვჯერა, გავიმარჯვებთ სახელოვნად და ამ გზაზე, თქვენ აირჩიეთ, იქნებით ევროპული საქართველოს მხარეს, თუ მის წინააღმდეგ“, – წერია მიმართვაში.