ბრეგაძე: მივმართავთ სამხარაულის ბიუროს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო სამხარაულის ბიუროს მიმართავს რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, პირველ რიგში, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარმოუდგენია. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, იმისთვის, რომ საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი და, ამავდროულად, სახელმწიფომ გააკეთოს მაქსიმუმი, ჩვენ ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

  • ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გუშინ განაცხადა, რომ კვლევის შედეგების იძლევა საფუძველს, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. „ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები, რომლებიც არის აღმოჩენილი კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, ეს არის საფუძველი, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება“, – აცხადებს „მთავარ არხთან“ ვალერი გელბახიანი.
  • მანამდე, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს.