ბრეგაძე სააკაშვილის საპატიმროში დაბრუნებაზე: როცა გვექნება ექიმის მითითება, შესაბამისად ვიმოქმედებთ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ. მას კითხვები დაუსვეს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებმა.

იუსტიციის მინისტრმა უმრავლესობის წევრის დაჩი ბერაიას შეკითხვაზე  – როდის სააბრუნებენ მიხეილ სააკაშვილს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, უპასუხა, რომ როგორც კი ექნებათ ექიმის მითითება, შესაბამისად იმოქმედებენ.

„რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას, ის ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, კერძოდ, სამოქალაქო პროფილის კლინიკაში. ჩვენ ვიმოქმედებთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. როგორც მაგალითად, ვიმოქმედეთ გორის შემთხვევაში, როდესაც ის გამოწერეს კლინიკაში და მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა. როდესაც გვექნება ექიმების შესაბამისი მითითება, რა თქმა უნდა, შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რატომღაც დამკვიდრდა ტერმინი „ნომერ პირველი პატიმარი“, თუმცა მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არაა და ის იმავე უფლებებით სარგებლობს, როგორვც როგორც ყველა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ადამიანი.