ბრეგაძე ზელენსკიზე: ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას

პუბლიკა

განცხადება პირადად ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი იმიტომ, რომ აქ არ არის მოყვანილი არც ერთი მტკიცებულება, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება.

„როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში თითქოს ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასდროს დავეთანხმები. თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით, პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი ნამდვილად არის საქართველო. ძალიან საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება იმის თაობაზე, თუ რა არის წამება. ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, გამუდმებით მოვუწოდებთ იმას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა და საკვები. ეს არის წამება? თუ ის არის წამება, რომ 2 300-მდე ვიზიტორი გვყავდა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მიიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას.

„ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩვენ სახელმწიფოს აქვს ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში…“,-განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება წამებას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ეს წამება კი არა, თვითწამებაა”.

„ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ მას ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა…”, – ამბობს ბრეგაძე.

მისივე ცნობით, უკრაინას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ოფიციალურად არ მოუმართავს.