ბრიტანეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი

პუბლიკა

გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი, ბარბარა ვუდვორდი აცხადებს, რომ ბრიტანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა, თუ შესაბამისი თხოვნით მას კიევი ოფიციალურად მიმართავს.

„ჩვენ მოხარული ვიქნებით, შევიტანოთ ჩვენი წვლილი [უსაფრთხოების გარანტიებში], თუ უკრაინის მთავრობა ამას გვთხოვს“, – განაცხადა მან ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

გუშინ, 29 მარტს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ უკრაინული მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნის შესაბამისად, უკრაინა მიიღებს ნეიტრალურ სტატუსს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებენ.

ნეიტრალურ სტატუსში იგულისხმება ის, რომ უკრაინა არ შეუერთდება სამხედრო ალიანსებს, მაგალითად, ნატოს და არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს საკუთარ ტერიტორიაზე.

უკრაინისთვის უსაფრთხოების პოტენციურ გარანტორებად შემდეგი ქვეყნები დასახელდნენ – პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი და კანადა.