უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები დაასახელა - თურქეთში მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა

პუბლიკა

დღეს თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ უკრაინული მხარის წარომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნის შესაბამისად, უკრაინა მიიღებს ნეიტრალურ სტატუსს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებენ.

ნეიტრალურ სტატუსში იგულისხმება ის, რომ უკრაინა არ შეუერთდება სამხედრო ალიანსებს, მაგალითად, ნატოს და არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს საკუთარ ტერიტორიაზე.

უკრაინისთვის უსაფრთხოების პოტენციურ გარანტორებად შემდეგი ქვეყნები დასახელდნენ – პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი და კანადა.

უკრაინული მხარის განცხადებით, ეს წინადადება შეიძლება მოიცავდეს 15-წლიან საკონსულტაციო პერიოდს ანექსირებული ყირიმის სტატუსის შესახებ და იგი ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუკი ცეცხლი სრულად შეწყდება.

მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ უკვე საკმარისი მოცულობის საქმე გაკეთდა საიმისოდ, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ პუტინის პასუხს ელოდებიან.

დიპლომატი ალექსანდრ ჩალი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის იურიდიულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაში არაფერი იქნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო.

„ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პოზიციაა – მომავალ შეთანხმებაში არაფერი იქნება ისეთი, რაც უკრაინას შეუზღუდავს ევროკავშირში გაწევრებას და მეორე – გარანტორი ქვეყნები ამ პროცესს მხარს უჭერენ“, – განაცხადა ჩალიმ თურქეთში,  უკრაინის დელეგაციის ბრიფინგზე.

როგორც UNIAN იტყობინება, შეხვედრამდე ჩალიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს სურს, მიაღწიოს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც უნდა იქცეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დამამთავრებელ დიპლომატიურ ფორმატად.

„ეს გარანტიები ნატოს მე-5 მუხლის ტოლფასია. სანაცვლოდ – ჩვენ არ განვალაგებთ უცხოურ სამხედრო ბაზებს ჩვენს ტერიტორიაზე, არც სამხედრო კონტინგენტს, არც ჩვენ შევუერთდებით, როგორც ეს უკრაინის კონსტიტუციაშია, სამხედრო ალიანსებს. სამხედრო წვრთნები ჩვენს ტერიტორიაზე გარანტორი ქვეყნების თანხმობით მოხდება“, – განაცხადა ჩალიმ.

შეხვედრის შემდეგ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა და მოლაპარაკებების დროს განხილულ წინადადებებს ვლადიმერ პუტინს გააცნობენ.

მედინსკის თქმით, კონფლიქტის დეესკალაციისთვის რუსეთი ორ ნაბიჯს დგამს. მედინსკი ეხმაურება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ.