ევროპის, ჩრდილო ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს, სტივენ დაუთის დეპუტატმა ჯეიმს მაკკლერიმ მიმართა კითხვებით საქართველოს შესახებ.
ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა კვლავ გამოხატა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიის გაუარესებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებას და „ოცნებას“ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია 1 ივლისს სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილა.
„საგრძნობლად შეშფოთებული ვარ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენებით, მათ შორის ბატონი ჯაფარიძის, ხაზარაძისა და ვაშაძის მიმართ. ეს იყო აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავდა პოლიტიკური ოპოზიციის დაბლოკვას სამომავლო არჩევნებში მონაწილეობისგან. 23 ივნისს მე მოვუწოდე „ქართულ ოცნებას”, რომ შეწყვიტოს სასამართლო ზომების გამოყენება განსხვავებული აზრის მქონე პირების გასაჩუმებლად, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
30 ივნისს გაერთიანებული სამეფოს საგარეომ საქართველოში დროებითი რწმუნებული დაიბარა, რათა მკაფიოდ განეცხადებინა ბრიტანეთის მტკიცე წინააღმდეგობა საქართველოს საზიანო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციის გაუარესებას და 1 ივლისს რამდენიმე ევროპელ პარტნიორსაც ვესაუბრე, რათა განგვეხილა ჩვენი საერთო შეშფოთება.
მე მუდმივად გამოვხატავ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების გაუარესებულ კურსთან დაკავშირებით, რაც უარყოფითად აისახა გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. მიმდინარე მდგომარეობის ნებისმიერი შეფასება ასევე უნდა ითვალისწინებდეს ბატონი ივანიშვილისა და მისი გარემოცვის გავლენას საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე. გაერთიანებული სამეფო ურყევად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად არის ხელი, შეუწყოს ქვეყნის ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული ნორმების გზაზე დაბრუნებას“, – თქვა მან.
მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო არ აკეთებს კომენტარს ან პროგნოზს შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით, რადგან ეს შეამცირებს მათ ეფექტიანობას.