ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა — სიაში Yandex Bank და Wildberries Bank მოხვდნენ

პუბლიკა

დღეს, 16 ივნისს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ასავლელად გამოიყენება.

სანქციები შეეხო რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 20-ზე მეტ ნავთობტანკერს, მათ შორის არის ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს ერთ-ერთ პორტშიც იმყოფებოდა.

სანქციები შეეხო Wildberries Bank LLC-ს – Wildberries არის რუსეთში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში მოქმედი დიდი ონლაინ-მარკეტპლეისი (ინტერნეტ-მაღაზია), სადაც იყიდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, კოსმეტიკა, საბავშვო პროდუქცია და მრავალი სხვა. ბოლო რამდენიმე წელია, მისი ოფისები თბილისში მრავალ ადგილას გაჩნდა. Wildberries Bank პლატფორმის ფინანსური/საბანკო ერთეულია.

ბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა YANDEX BANK-ს, რომელიც ეკუთვნის Yandex-ს და გამოიყენება Yandex-ის სერვისებთან დაკავშირებული გადახდებისა და ფინანსური ოპერაციების დასამუშავებლად.

მთლიანობაში:

დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ სანქციების რეჟიმის ფარგლებში თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები.

კონკრეტულად:

გაერთიანებული სამეფო გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელმაც სანქციები დაუწესა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდ რამდენიმე გემს, რომლებიც რუსეთმა დიდი დანახარჯებით შეიძინა სანქცირებული Arctic LNG 2 პროექტის მომსახურებისთვის.

ეს პროექტი მილიონობით ტონა LNG-ის ექსპორტზეა პასუხისმგებელი და კრემლისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა: „ეს სანქციები მიზანში იღებს გემებს, ფინანსურ რესურსებსა და იმ პირებს, რომლებიც რუსეთის საომარ ეკონომიკას ამაგრებენ და, შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს. ჩვენს G7-ის პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ ზეწოლის გაძლიერებას პუტინსა და მის თანამზრახველებზე, სანამ რუსული სამხედრო მანქანა არ შეჩერდება და მშვიდობა არ დაბრუნდება ჩვენს კონტინენტზე“.

დღეისათვის გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულია ჩრდილოვანი ფლოტისა და რუსულ LNG-ის გადამზიდი 600-ზე მეტი ხომალდი. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ახალი სასანქციო ზომები ასევე ავლენს და მიზანში იღებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) ქსელს, რომლის ცენტრში დგას GRU-ს საფარქვეშ მოქმედი კომპანია „ნეპტუნი“ LLC Neptune Co Ltd („Neptune“). „ნეპტუნი“ ჩართულია რუსეთის სამხედრო საჭიროებებისთვის დასავლური ტექნოლოგიების ფარულ შესყიდვაში.

ბრიტანეთი ამბობს, რომ დღეს დაწესებული სანქციები სამ კომპანიასა და GRU-ს 10 ოფიცერს, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ სამხედრო ტექნოლოგიების შეძენაში მონაწილეობდნენ. ეს ტექნოლოგიები კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის გასაგრძელებლად.

სანქციები ასევე შეეხება რუსეთში კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობის მიმწოდებლებს მესამე ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში, ტაილანდსა და თურქეთში.

ასევე ეხება რამდენიმე ორგანიზაციასაც, რომლებიც რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლით ფულის უკანონოდ გადაადგილებაში ეხმარებიან, მათ შორის ერთი ორგანიზაცია ნიგერიაში, რომელიც A7-ის უკანონო ფინანსურ ქსელს ეხმარება.