ბრიტანეთმა პალესტინელთა მიმართ ძალადობის წახალისებისთვის 2 ისრაელელ მინისტრს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

ბრიტანეთმა 2 ისრაელელი მინისტრს იერუსალიმის დასავლეთ ნაწილში პალესტინელების წინააღმდეგ „ძალადობის განგრძობითად წახალისებისთვის” სანქციები დაუწესა.

სანქცირებულები არიან ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი და ფინანსთა მინისტრი ბეცალელ სმოტრიჩი. მათ აეკრძალათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, ასევე, დაწესდა ფინანსური სანქციები. მათ გაეყინებათ ფინანსური აქტივები, თუ ასეთს ფლობენ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

ორივე მინისტრი ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერია. ისინი ბენიამინ ნეთანიაჰუს ულტრა-მემარჯვენე კოალიციის მნიშვნელოვან წევრებს წარმოადგენენ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის თქმით, მათ „წააქეზეს ექსტრემისტული ძალადობა და პალესტინელთა უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები”.

პასუხად ისრაელმა განაცხადა:

„აღმაშფოთებელია, რომ მთავრობის არჩეული წევრებისა და წარმომადგენლების მიმართ  მსგავსი ზომები წესდება”.

ეს სანქციები ბრიტანეთის, ნორვეგიის, ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის მიერ დაანონსებული ერთობლივი ნაბიჯების ნაწილია.

სმოტრიჩი და ბენ-გვირი არაერთხელ გამხდარან კრიტიკის ობიექტი ღაზაში მიმდინარე ომის გამო. ორივე მათგანი ეწინააღმდეგება ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას ალყაოში მოქცეულ ღაზაში და უჭერს მხარს რეგიონიდან პალესტინელების გადასახლებას.

ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით:

„მაშინ, როდესაც დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელები ექსტრემისტი ისრაელი მცხოვრებლების მხრიდან ძალადობის გამო კვლავაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც საფრთხეს უქმნის მომავალი პალესტინური სახელმწიფოს პერსპექტივას, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და ნორვეგია ერთობლივად აძლიერებენ საერთაშორისო პასუხს“.

სანქციების გამოცხადების შემდეგ ლემიმ განაცხადა:

„ისრაელის ასეთი ქმედებები მიუღებელია. სწორედ ამიტომ ვმოქმედებთ ახლა, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს, ვინც ძალადობას ახალისებს. ჩვენ ვისწრაფვით ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტისკენ, ასევე „ჰამასის” მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებისკენ -ორგანიზაციისა, რომელიც ღაზას არ უნდა მართავდეს; ასევე, ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბური გაწევისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზისკენ“.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა თქვა, რომ კაბინეტი მომავალ კვირას შეიკრიბება და „მიუღებელ გადაწყვეტილებაზე“ იმსჯელებს.