ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ახალციხეში ვაქცინის შემდეგ გართულებული შემთხვევის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ ექსპერტები მუშაობენ და დაადგენენ კონკრეტულ მიზეზს, რამ გამოიწვია სავარაუდო ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინას მსგავსი გვერდითი რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული მოსალოდნელ გვერდით რეაქციებში. ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი, ანუ ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. ამდენად ეს არის ერთ-ერთი გვერდითი რეაქცია. ამის გამო მოგეხსენებათ, არცერთ ქვეყანას არ შეუჩერებია ვაქცინაცია, ანაფილაქციას ვგულისხმობ. ექსპერტების დასკვნას ველოდებით და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამ შემთხვევის შესახებ ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
„დღეს ახალციხეში, 12:15 წუთზე აიცრა ექთანი, 27 წლის ქალბატონი, რომელიც სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და არ აღნიშნავდა ალერგიულ რეაქციებს. აცრის შემდეგ პირდაპირ ეთერში მისცა ინტერვიუ ერთ-ერთი არხს და სამედიცინო პერსონალს აცრისკენ მოუწოდა. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული, თუ სხვა ტიპის რეაქცია. ექიმებთან წინასწარი საუბრით ეს უფრო ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას.
ადგილზე ჩაუტარდა დახმარება, რაც პროტოკოლით გაწერილია ანფილაქსიური რეაქციების დროს. არ მოიხსნა რეაქცია და გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში. ამჟამად ადგილზეა კატასტროფის ბრიგადა და ხდება ევაკუაცია თბილისში. დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა რეგულირების სააგენტოს მიერ. მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ მოკვლევა არ დასრულდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.