შალვა პაპუაშვილის თქმით, BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის ფარგლებში უკვე მესამედ მოუწიათ მიმართვა, სამივე მიმართვა ტელეკომპანიის შიდარეგულაციის ფარგლებში წარიმართება, რაც პაპუაშვილმა გააკრიტიკა და ბრიტანულ სამართლებრივ სისტემას „კოშმარი“ უწოდა.
„აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან ხოლმე ჩვენ რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე.
ჩვენ როგორც იცით, იძულებულები ვართ, მანამ, სანამ მივმართავდით სასამართლოს, მიგვემართა BBC-სთვის. სადაც პროცედურა ასეა, რომ ჯერ დასხდნენ იგივე ჟურნალისტები, ვინც ეს ცილისწამება გაავრცელეს. განიხილეს ჩვენი საჩივარი და თქვეს არა, ჩვენ ვართ მართლებიო. ეს საერთოდ აბსურდია, ის ჟურნალისტები, ვინც ტყუილი გამოიგონა, მათ განიხილეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს უარი.
ამის შემდეგ შევაბრუნეთ საჩივარი და აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის რედაქცია, უფროსობა, სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა, ჩაიბარა და გაუშვა ეს სიუჟეტი. ამ რედაქციამ განიხილა და მათაც „ჩვენდა გასაკვირად“ თქვეს – არა, ჩვენ ვიყავით მართლებიო და უარი შემოვიდა.
ახლა ვართ მესამე ეტაპზე. რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი, კიდევ BBC-ს უნდა მივმართოთ. სადაც ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ისევ BBC-ში, რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და გაუშვა. ჩვენ ახლა BBC-ში გასაჩივრებას ვუყურებთ როგორც ფორმალობას… ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგამდეც მივალთ…
აბსოლუტურად არაადეკვატური კანონმდებლობაა დიდ ბრიტანეთში. ჩათვალეთ, რომ როგორც მოქალაქეს, თქვენ რომ დაგეჯახოთ მედია, თქვენ გაგჭყლეტთ, როგორც ჭიანჭველას. ამას აკეთებს დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა, ვერაფერს ვერ გააკეთებთ იქ, თუ არ ხართ შეძლებული ადამიანი, თუ არ გაქვთ გავლენები, თუ არ გაქვთ იურიდიული ფირმები, რომლებიც თქვენ გვერდით დადგებიან“, – თქვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ BBC-ის საგამოძიებო ფილმი, რომელშიც საუბარი იყო დემონსტრაციების დასაშლელად ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე იყო ცილისწამება და BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებდნენ.