ბრიუსელში დაკავშირებადობის მინისტერიალს საქართველოს წარმომადგენელი არ დასწრებია

პუბლიკა

ბრიუსელში უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალს საქართველოს წარმომადგენელი არ დასწრებია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის, თურქეთის, მოლდოვის, სომხეთის და ცენტრალური აზრიის ქვეყნებთან ერთად.

გუშინ, 15 ნოემბერს ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ადასტურებდა, რომ ბრიუსელში მინისტერიალზე დასწრებას აპირებდა, დღეს კი სამინისტრომ საპირისპირო თქვა.

15 ნოემბერს, გაფართოების ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე „პუბლიკის“ ჟურნალისტმა ელჩ ვახტანგ მახარობლიშვილს ჰკითხა, იქნებოდა თუ არა 16 ნოემბერს უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე წარმოდგენილი, რაზეც ელჩმა უპასუხა:

„იდეაში, დაპატიჟებული ვარ; [აპირებთ, მიხვიდეთ?] კი, რატომაც არა. ვაპირებ, კი“, – უთხრა ელჩმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ საქართველოს დღეს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალზე დასასწრებად მიწვევა შესაბამის დონეზე არ მიუღია, შესაბამისად, ამ შეხვედრებში საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ მიიღებს

„პუბლიკას“ ევროკომისიაში 7 ნოემბერს დაუდასტურეს, რომ უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე, რომელიც ბრიუსელში 16 ნოემბერს გაიმართება, საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისევ დაბალ დონეზეა მიწვეული.

ამავე დროს, ევროკომისიმ ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ რეგიონული დაკავშირებადობის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მიწვევა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას არ ნიშნავს“.

5 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „თუ საქართველო რაიმე ღონისძიებაზე ღირსეული ფორმით არ იქნება მიწვეული, რა თქმა უნდა, არ მივლენ“. „ეს აბსოლუტურად ლოგიკური და ღირსეული პასუხი იქნება ნებისმიერ განსხვავებულ მიდგომაზე“, – თქვა კობახიძემ.

ინისტერიალზე საქართველო გასულ წელსაც დაბალ დონეზე მიიწვიეს. ღონისძიებას საქართველოდან მაშინაც არავინ დასწრებია.

საქართველო ასევე არ დასწრებია დაკავშირებადობის „დღის წესრიგის პლატფორმის“ წარდგენას და მინისტერიალს, სადაც ელჩი იყო მიწვეული.

პარალელურად, დღეს, 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილს მოლაპარაკებებში რუსეთიდან ლავროვის პირველი მოადგილე შეხვდება.

რუსული მედია საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ ზურაბაშვილთან კონტაქტი უკვე დამყარებულია და განსაზღვრულია მისი კოლეგა – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გალუზნი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს.