თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ-ერთი კორპუსიდან ნასროლი ტყვიის შედეგად მოკლული ქალის საქმეზე ბრალდებული პოლიციელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დღეს გამოაცხადა.
სიმონ გაბრიაძეს არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით ბრალი პროკურატურამ 21 აპრილს წარუდგინა.
შემთხვევა 19 აპრილს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა:
„2020 წლის 19 აპრილს ს.გ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში. დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი ,,ვიკინგ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ- თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა“.