„ბრმა ტყვიით" ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ-ერთი კორპუსიდან ნასროლი ტყვიის შედეგად მოკლული ქალის საქმეზე ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პოლიციელი 20 აპრილს დააკავეს. გამოძიება თავდაპირველად  სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ისჯება შინაპატიმრობით, ვადით, 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 4 წლამდე. შემდეგ კი გადაკვალიფიცირდა და ბრალი დამძიმდა. არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით შსს-ს თანამშრომელს ბრალი პროკურატურამ 21 აპრილს წარუდგინა

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერდა პროკურატურა გავრცელებულ განცხადებაში.