ბუჩუკური: ბავშვები დასაცავები არიან გაჭირვებისგან, პედოფილებისგან, ადრეული ქორწინებისგან

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების დროს სასკოლო კვების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ბავშვები, პირველ რიგში, შიმშილისგან არიან დასაცავები.

„სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან პირველ რიგში, შიმშილისგან. ქვეყანაში ვეჯახებით მდგომარეობას, რასაც ჰქვია ბავშვთა მალნუტრიცია. ეს არის მდგომარეობა, რომელიც, ძირითადად, ვითარდება საკვების დეფიციტის დროს. ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ იღებს მისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას”, – თქვა მან.

მისი თქმით, საჯარო სკოლებში უნდა სასკოლო კვების პროგრამა 2022 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ განხორციელებულა. ბუჩუკურმა ისაუბრა პედოფილიასა და „ადრეულ ქორწინებაზე” და აღნიშნა, რომ საქართველოში ეს პრობლემები მწვავედ დგას.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი გაკეთდეს ხარისხიანად, ზუსტად ისე როგორც იყო დაგეგმილი მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და ჩართულობით და არა მორიგი კორუფციული სქემებით რამდენიმე ადამიანის გასამდიდრებლად.

საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან გაჭირვებისგან, პედოფილებისგან, ადრეულ ასაკში ქორწინებისგან, დედის და მამის გარეშე გაზრდისგან, რომელთა მშობლები ხშირ შემთხვევაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის სირთულეების გამო მოშორებულები არიან საკუთარ შვილებს, საკუთარ ოჯახებს, საკუთარ სამშობლოს და ფაქტობრივად არიან იძულებით გადასახლებულები, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან გაუნათლებლობისგან. არჩევნები მოდის და ამის ხათრით მაინც დაიწყეთ სასკოლო კვების პროგრამა, ხარისხიანად”, – აღნიშნა მან.

„ქართული ოცნების” ჰომოფობიური კანონპროექტის ინიციატივა ბუჩუკურმა რამდენიმე დღის წინ შეაფასა და თქვა, რომ „ოცნება“ თავად ეწევა ლგბტ პროპაგანდას. მისი თქმით, მმართველი პარტია იმდენჯერ „ახსენებს ლგბტ-ს და ერთსქესიანთა ქორწინებას“, რომ ზოგჯერ რჩება „შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მათგანს და ზოგიერთ პროპაგანდისტს სიამოვნებს ეს ყველაფერი“.

არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.

29 თებერვალს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

მდინარაძემ მომდევნო დღეს თავის ჰომოფობიურ გამოსვლაში „მავნე თემის პროპაგანდა“ ახსენა და აღნიშნა, რომ „ძირითადად ჩვენ აქცენტი გვაქვს ლგბტ პროპაგანადის მავნე შედეგებზე“.

მან „პროპაგანდის“ გავრცელების გზად დაასახელა ფილმები და სერიალები, რომელთა პერსონაჟები ლგბტ ადამიანები არიან.

„ამბობენ იმას, რომ ბუნებრივი მოვლენაა, ადამიანი ლგბტ თემის წარმომადგენელი იყოს – ეს არის პირდაპირი პროპაგანდა“, – ასე განმარტავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რუსული კანონის“ ავტორი გურამ მაჭარაშვილი.

მდინარაძემ კვლავ „გელაპის“ კვლევით მანიპულაციას მიმართა და „პროპაგანდას“ დაუკავშირა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს ლგბტქ თემის წევრად აიდენტიფიცირებენ. კვლევაში მსგავსი ურთიერთკავშირი ნახსენებიც კი არ არის.

გარდა ამისა, სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, ბოლო დღეების განმავლობაში მანიპულირებდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ორგანიზაციული მემორანდუმის შინაარსითაც, რომელშიც ენტონი ბლინკენი მოუწოდებს თანამშრომლებს, „როცა შესაძლებელია, გენდერულად ნეიტრალური ენა გამოიყენონ“. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს საქართველოსა და ქართულ ენასთან, რომელსაც სქესი არ გააჩნია, კავშირი არ აქვს.

„რუსული კანონი 2“

რუსეთში ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას“ მცირეწლოვნებში.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული კანონი შეუთავსებელი იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. კერძოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონები არღვევდა მომჩივანთა სიტყვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას. სასამართლომ დაადგინა, რომ „ხელისუფლება აძლიერებს სტიგმას და ცრურწმენებს, ხელს უწყობს ჰომოფობიას, რომელიც შეუთავსებელია თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ 2013 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ.„ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ აკრძალვა „შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთ მიზეზად კომისიამ დაასახელა ის, რომ ჰომოსექსუალობა სექსუალური ორიენტაციის ვარიაციაა და არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობის საწინააღმდეგოდ საჯარო ხელისუფლების მიერ.

2022 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ კანონპროექტს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდაზე“, რომელიც კრძალავს პოზიტიური და თუნდაც ნეიტრალური ინფორმაციის გავრცელებას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების შესახებ, არაჰეტერონორმატიული ორიენტაციის საჯაროდ გამოხატვა კი ისჯება ჯარიმით.