ბუკნარში პოლიციასა და მუსლიმ თემს შორის შეხლა-შემოხლაა

პუბლიკა

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ისევ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფლის ცენტრში გადანაცვლებას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ და რასაც შემდგომ შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

„გზა რომ ჩაგვიხერგეთ, უპატივცემულობაა ეს… გვიზღუდავთ თავისუფლად გადაადგილებას“, – მიმართა ადგილობრივმა მცხოვრებმა პოლიციას.

დღის პირველ ნახევარში სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ ქრისტიანი თემის წარმომადგენლებიც. მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების აღსაკვეთად სოფელში  მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

ბუკნარში ჩავიდნენ გურიის მხარის გუბერნატორი და პოლიციის მაღალჩინოსნები. მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა მათ თავიანთი პრობლემები გააცნეს და ლოცვის უფლების უზრუნველყოფა მოითხოვეს. ბუკნარში ასევე ჩავიდნენ მუსლიმები სხვა რეგიონიდანაც, როგორც თავად განაცხადეს, ადგილობრივი მუსლიმების სოლიდარობისთვის მიზნით.

„ხალხს ლოცვას უკრძალავენ. ვალდებული ხართ ყველა, სახელმწიფო უწყებები, უზრუნველყოთ ამ ადამიანების ლოცვისა და მშვიდობიანი ცხოვრების უფლება“, – მიმართა ადგილობრივმა მცხოვრებმა სამართალდამცველს.

სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმური თემის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ იღებს.

„ამ სოფელში ძაან ცუდად დამთავრდება ყველაფერი, თუ ხელისუფლება შესაბამის განწყობაზე არ დაგვაყენებს ხალხს. უნდა ირწმუნონ ჩვენმა თანამემამულეებმა, რომ ჩვენ ვილოცებთ, გვაქვს ამის კანონიერი უფლება“;

„არაფერი პასუხი არ მიგვიღია [გუბერნატორისგან] გაიპარა და გაიქცა. უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ერთი თვეა, კუჭავა [ჩოხატაურის მერი] გვაფრთხილებს, არ თქვათ არაფერიო“, – განაცხადეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.


ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც ​სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.

12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით, საქართველოში მუსლიმი თემის პრობლემებზე საუბრობენ და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. ასევე, მათი აზრით, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, როგორ იქნას დაცული მუსლიმი თემის რელიგიური თავისუფლება, მეორე მხრივ ადგილობრივებს შორის მშვიდობის შენარჩუნება.