ბუნებრივია, ამ ახირებას ჩვენ ვერ გავყვებით - კობახიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ის ამბობს, რომ ქვეყანაში არანარი კრიზისი არ არის და ყველაფერი ხელოვნურია.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  ამის საჭიროება არ არსებობს.

„არავითარი კრიზისი არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობდა თავის დროზე და ყველაფერი იყო ხელოვნური. ახლაც არის აბსოლუტურად ყველაფერი ხელოვნური. საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ხალხს ვეღარ აგროვებენ და ცდილობენ, მიმართონ ისეთ ფორმას, რომელსაც აღარ სჭირდება ხალხის შეგროვება.

რაც შეეხება მოთხოვნას, მოთხოვნა არის თავისთავად აბსურდული და უკვე არის სრული აბსურდის თეატრი, რასაც ჩვენ ვხედავთ. ისინი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენი მხრიდან არის რაღაც ახირება მისი არგადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. სინამდვილეში ხდება რა? თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე ორ კვირაზე მეტია, ისინი ამ მოთხოვნას აყენებენ და თქვენ ხედავთ, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა, რატომ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი ეს ორი კვირა და მეტი სამოქალაქო საავადმყოფოში, არის აბსოლუტურად გაუგებარი.

ეს ერთი, და მეორე, თქვენ წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ეს ორი კვირა სამოქალაქო კლინიკაში და კლინიკასთან. ადამიანი, რომელიც უნდა იყოს ციხეში, იქნებოდა ციხის გარეთ გაურკვეველი მიზეზით და მუდმივი რისკი… იქ იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოების მობილიზაცია, აბსოლუტურად არასაჭირო მობილიზაცია.

ეს ყველაფერი არის ერთადერთი მიზნით გამოცხადებული – მიზანი არის ის, რომ როგორმე გაიყვანონ სააკაშვილი ციხიდან. ეს არის დღესავით ნათელი და ბუნებრვია, ამ ახირებას ჩვენ ვერ გავყვებით,“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, შიმშილობს. ასევე, მესამე დღეა, შიმშილობს პარლამენტის 9 დეპუტატი. მე-14 დღეა, შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. მოშიმშილე დეპუტატების მოთხოვნაა, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. პარალელურად ყოველდღიურად იმართება აქციები, სხვადასხვა ადგილას.