საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ თუ ქვეყანას სტატუსს არ მისცემენ, ეს იქნება ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება.
თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ გუშინ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო ნარატივია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ.
„ეს არის საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო ნარატივი. არ შეიძლება, ასე მოხდეს. პირადად მე ვამბობ და ბევრი თანამოაზრე მყავს, თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული, სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
გუშინ ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას შეეხება, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას კენჭი ეყარა მასში შესული ახალი შესწორებებით.
რეზოლუციაში შესული ერთ-ერთი შესწორების თანახმად, ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების კონტექსტში, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, „მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილსა და ყველა იმ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“.
გარდა ამისა, შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია.