C ჰეპატიტის ელიმინაციის სამიზნეების დაზუსტებაზე მუშაობა განახლდება ამერიკულ კომპანია „გილეადთან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საფუძველი დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის მომდევნო პერიოდის განმავლობაში და ელიმინაციის სამიზნეების დაზუსტებაზე მუშაობა განახლდება „გილეადთან”, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა”, – განაცხადა გაბუნიამ.
როგორც მან პრეზენტაციისას აღნიშნა, გასულ წელს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მნიშვნელოვანი შედეგები „იქნა ან მიღწეული, ან აღიარებული გასული წლების ნამუშევრიდან გამომდინარე”.
„არ შემიძლია არ აღვნიშნო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული მიმდინარეობა. გასულ წელს ქვეყანამ მიიღო ევროპის ღვიძლის ასოციაციის ჯილდო და აღიარეს, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მოდელი C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით”, – განაცხადა მან.
როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიაშია აღნიშნული, საქართველო 2020 წლის მიზნად ისახავს შემდეგს:
► C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევა;
► C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის მქონეთა 95%-ის მკურნალობა; და
► მკურნალობის შედეგად 95%-ის განკურნება.
2015 წელს ჩატარებული კვლევით, საქართველოში 150 000 პაციენტს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი. ელიმინაციის მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება დაახლოებით 135 000 პაციენტის დიაგნოსტირება, 128 000 პაციენტის მკურნალობა და 122 000-ის განკურნება.
C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის დაბალი მაჩვენებელის გამო პროგრამის მიმართ სფეროს ექსპერტებსა თუ სათემო ორგანიზაციებს გამოუთქვამთ კრიტიკა პროგრამის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.