C ჰეპატიტის მკურნალობა 58 000 ადამიანმა დაასრულა 98.7%-იანი განკურნების ეფექტით, ეს უზარმაზარი მიღწევაა - გამყრელიძე

პუბლიკა

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოცემული მომენტისთვის გამოვლენილი 101 ათასი ანტიგენ დადებითი ადამიანიდან მკურნალობაში დაახლოებით 16-17 ათასი ადამიანი არ ჩაერთო.

„დღეს ანტისხეულ დადებითი გამოვლენილი გვყავს უკვე 127 ათასი ადამიანი, აქედან მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა და თხოვნისა 101 ათასი ადამიანი მივიდა კონფირმაციის შემდგომ ეტაპზე, ანუ 27 ათასამდე ადამიანი არ მივიდა და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ მივიდნენ და იმკურნალონ. იმიტომ, რომ მათ ჯერ სიმპტომები არ აქვთ, ისინი არიან სიმპტომებისგან თავისუფალი ადამიანები მხოლოდ სხეულში აქვთ C ჰეპატიტის ინფექცია“, – ამბობს ამირან გამყრელიძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ  C ჰეპატიტის მკურნალობის გეგმა უნდა შესრულებულიყო 2020 წელს, მაგრამ დაახლოებით 2-3 წელი იქნება კიდევ საჭირო,  რათა ყველა  ადამიანი განიკურნოს.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს, არის უპრეცედენტო პროგრამა. საქართველო დღეს არის ავანგარდში და 100 000 მოსახლეზე გადათვლით ქვეყანას აქვს ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები როგორც აქტიურ გამოვლენაში, ისე მკურნალობაში.

2015 წელს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად დიდი კვლევაა ჩატარებული, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 5,4 % არის ანტიგენ დადებითი, ანუ ეს აბსოლუტურ რიცხვში არის დაახლოებით 150 ათასი.

ჩვენი ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩენებლებია, რომ უნდა გამოვავლინოთ 150 ათასიდან 135 ათასი ადამიანი, ანუ 95%, 128 ათასი ადამიანი უნდა ჩავრთოთ მკურნალობაში და 122 ათასი უნდა განვკურნოთ. დღეს ჩვენ 2,8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უკვე სკრინირებული გვყავს დაახლოებით 1 750 000, ანუ 60%-ზე მეტი. მკურნალობაში ჩართულია 65 ათასი ადამიანი, 58 ათასმა ადამიანმა დაასრულა მკურნალობა -98,7%-იანი განკურნების ეფექტით. ეს არის საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.