ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა

პუბლიკა

კორონავირუსით ინფიცირებულ 45 ახალ პაციენტს შორის ვირუსი ცაგერის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ლაჯანასა და ლეშკედაში 5 ადამიანს დაუდასტურდა. ეს პირები თბილისში ქორწილში იმყოფებოდნენ, სადაც იმ პირთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელსაც ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

„პუბლიკას“ ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, რომ ქორწილში ნამყოფი ადამიანები თვითიზოლაციაში იყვნენ. ცაგერის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

„როგორც კი დაუდასტურდა პიროვნებას ვირუსი და ჩვენთვის გახდა ცნობილი, თვითიზოლაციაში გადავიდნენ ეს პირები. თვითიზოლაციას არ არღვევდნენ, წესების დაცვით მიმდინარეობდა. გუშინ ავიღეთ ანალიზი, დაუდასტურდათ და დავიწყეთ ეპიდკველვა.

როგორც ადგილობრივი ცაგერის საზოგადოებრივი ცენტრის ეპიდემიოლოგები, ასევე ამბროლაურის ცენტრიდან იკვლევენ. ტესტირება გაკეთებული გვაქვს 100-მდე ადამიანისთვის. „მწვანე ზონის“ სტატუსი გვქონდა და, სამწუხაროდ, შეიცვალა“, – აცხადებს „პუბლიკასთან“ საუბარში ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი.


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 45 ახალი შემთხვევიდან 5 ჯგუფური შემთხვევაა, მისი თქმით, თბილისში ფართომასშტაბიანი ქორწილიდან.

„საინტერესოა, რომ 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს, ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 45 ახალი შემთხვევიდან 3 არის „დონას“ კლასტერიდან, 19 კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 შემოტანილი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიით და სამზე მიმდინარეობს კვლევა ინფიცირების წყაროს და კონტაქტების მოძიების მიზნით.